ზურაბ ჯაფარიძე - სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი
ზურაბ ჯაფარიძე - სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი

სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის ერთობა.

„სწორი გზა ეგ არის, რომ მოხდეს ისეთი პოლარიზება და მარტო ეგეთი პოლარიზაციით არის შესაძლებელი ივანიშვილის დამარცხება. მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი. ბუნებრივად მოხდება, რომ შუა გაიკრიფება და პოლარიზაცია მოხდება და ეგ არის გამოსავალი. კი, ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან აქეთ მხარეს არ არის რესურსები, არც ფინანსური და არც საკმარისი სხვა ტიპის რესურსია. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეწყობა და მათ შორის ერთიანი საკომუნიკაციო სქემის შემუშავება და ერთმანეთში კოორდინაცია თუ არ მოხდა, მათ შორის კოორდინაცია არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და მის შემდეგ. ბევრი პრობლემებია და მესმის ლეგიტიმური წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რთული პროცესი და კი, რთული პროცესია, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. თუ არსებობს, ვინმემ თქვა, რომ ერთობა კი არა, აი, ასე დავალაგოთ, ეს გავაკეთოთ. მე მოვისმენ და გავყვები ნებისმიერს, ვინც დამანახებს და დამაჯერებს, რომ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს. მაგრამ არ არსებობს ალტერნატივა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას, ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების დამარცხება და შემდეგ სისტემის ცვლილება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ახლა ინდივიდუალიზმის დრო არ არის და შესაბამისად, მთავარი შემაფერხებელიც არის ეგ. ამას სჭირდება დაბალი ბარიერი ან უბარიერო სისტემა, როცა საშუალება ექნებათ ყველა პატარა პოლიტიკურ მოთამაშეებს ცალ-ცალკე ითამაშონ. მაგრამ როცა გაქვს მაღალბარიერიანი სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის ხმების ნახევარს „ქართული ოცნება“ წაიღებს. სისტემა ასე არის მოწყობილი. ამიტომ ერთადერთი გზა არის მათი დამარცხება ერთობით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში.