რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას აქვს უფლება, შეხვდეს პრეზიდენტს, მაგრამ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე დისკუსია მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეხვდნენ პრეზიდენტს, მაგრამ როგორც იონათამიშვილი ამბობს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დისკუსია არასამართლებრივია.
იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ კარგავს რეიტინგს ოპოზიცია ასეთი ტაქტიკით.
„ვფიქრობ, ოპოზიციას არც-ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დაუსახელებია ამ ინიციატივების განხილვის დროს. ისინი მხოლოდ პოპულისტური კომენტარებით გამოდიან. ცვლილებები, რაც შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მისი ერთი ნაწილი იყო აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ხოლო მეორე ნაწილი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის ეუთო/ოდირის სტანდარტთან, როდესაც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უფრო გამკაცრებული მიდგომაა კანონის მხრიდან. ცხადია, მათ აქვთ უფლება, შეხვდნენ პრეზიდენტს და პრეზიდენტიც ვალდებულია, მიიღოს ისინი. ეს პროცესი მინდა, დადებითად შევაფასო, მაგრამ თვითონ დისკუსია ამასთან დაკავშირებით არის არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესი. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ კარგავს რეიტინგს ოპოზიცია ასეთი ტაქტიკით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს ინდივიდუალურად ხვდებიან. მათი ნაწილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვს.