დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი ვეტოზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, თუმცა ოპოზიციასთან კონსულტაციები მისი ინიციატივით შედგა, რაც მიანიშნებს, რომ საკითხზე თავადაც ფიქრობს
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი ვეტოზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, თუმცა ოპოზიციასთან კონსულტაციები მისი ინიციატივით შედგა, რაც მიანიშნებს, რომ საკითხზე თავადაც ფიქრობს

„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროსვე დააფიქსირა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, პროექტს ვეტო დაადოს.

„ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვის დროსვე დააფიქსირა ჩვენი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, რაც უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას. საპროტესტო აქციაზე ადამიანები მოდიან არა იმიტომ, რომ გახარებული, კმაყოფილები არიან, არამედ გაბრაზებული არიან. ამ პროცესში ჩვენ, სახელმწიფოს უნდა გვესმოდეს, რომ გაბრაზებულმა ადამიანებმა შესაძლოა, ჩვენთვის უსიამოვნო სიტყვა თქვან, მიმიკა გამოხატონ და ამის გამო ათასობით ლარიანი ჯარიმის შემოღება, თანაც დაჩქარებული წესით და თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგავალა, არის დაუშვებელი. ამიტომ ჩვენი პოზიცია თავიდან იყო, რომ პარლამენტს არ უნდა მიეღო იმ სახით, როგორც მიიღო და ახლა დარჩენილია პრეზიდენტის ხელმოწერა. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ პროექტს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინს ვეტოსთან დაკავშირებით, უსუფაშვილის თქმით, ფაქტი, რომ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს საკითხზე.

„ვერ გეტყვით, ამაზე თავად პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი ინიციატივით შედგა ეს კონსულტაციები, მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს ამ საკითხზე, სხვა შემთხვევაში, ჩვენი ვიზიტი მასთან არ იქნებოდა რაიმე აზრთან ახლოს. თუმცა გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ზოგადად, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტები. პრეზიდენტის ვეტოთი უმრავლესობა სასტიკად გაღიზიანებული იყო ხოლმე და პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა, ასე არ უნდა იყოს. ვეტო არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, ამიტომ უმრავლესობა თუ პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს.

მმართველ პარტიას ვპასუხობ, რომ ანა ნაცვლიშვილი სწორედ ამ კანონპროექტზე და მხოლოდ ამ კანონპროექტზე შევიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, გამოვიდა სიტყვით. ანუ თუ ვინმეს მოსმენა უნდოდა, მან ძალიან კონკრეტული არგუმენტები მოიყვანა, ამ შემთხვევაში „ლელოს“ და ანა ნაცვლიშვილს გაკეთებული აქვს ყველაფერი ამ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შიგნით, გარეთაც, ახლა თქვენთანაც და თქვენი მეშვეობითაც“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.