წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება
წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება

წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შვიდი დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება სამ წლამდე ვადით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით 2018 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 4 452 შემთხვევა გამოვლინდა, 2019 წელს 5 175, 2020 წელს კი 3 452. ცვლილებების ინიციატორები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი არიან.