რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომლებიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანებიან.

„ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს. ოპოზიციაში ჭარბობენ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. ეს ადამიანები არაერთგზის არიან გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაუსვა წერტილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს. დღეს მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო და უკვე სხვა წყაროებს აღარ იშველიებენ. აქედან ჩანს, როგორ დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომლებიც მას სწორედ კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.