რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა, უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი
რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა, უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი

გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა, უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა! ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ. უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მხოლოდ საქართველოში ცდილობენ, ამ გამოწვევასთან ბრძოლას „რუსული“ უწოდონ.

ქართველები კი გაუბედავები და სხვისი მორჩილები არ აღმოვჩნდით. მეტიც, ბევრს დავასწარით კიდეც!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

გამოცემა „პოლიტიკომ“ დღეს სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, „ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ „გუგლის“ წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითიც ევროკავშირის წესები დაარღვია“.

„რეკლამას მთელ ევროპაში მილიონობით ნახვა აქვს „გუგლის“ საძიებო სისტემასა და „იუთუბში“. ვიდეორგოლები ფონ დერ ლაიენის ლიდერობის თვისებებსა და ევროკავშირის პროექტისადმი მის ერთგულებას ეხებოდა. თუმცა ფონ დერ ლაიენის შესახებ არცერთ რეკლამაში არ იყო ნახსენები მისი საარჩევნო კამპანია ან მისივე „ევროპის სახალხო პარტია“ ოფიციალურ შემსყიდველად „გუგლის“ გამჭვირვალობის რეესტრში. ამის ნაცვლად, ფონ დერ ლაიენის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერ პარტიულ ციფრულ გზავნილებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად ნახსენები იყო პარიზში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია MCC AdQuality“, – აღნიშნულია სტატიაში.