„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ „გუგლის“ წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითიც ევროკავშირის წესები დაარღვია
„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ „გუგლის“ წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითიც ევროკავშირის წესები დაარღვია

ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ „გუგლის“ წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითიც ევროკავშირის წესები დაარღვია, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ „გუგლის“ წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითიც ევროკავშირის წესები დაარღვია, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ფონ დერ ლაიენის მუშაობის პერიოდში შეიქმნა.

რეკლამას მთელ ევროპაში მილიონობით ნახვა აქვს „გუგლის“ საძიებო სისტემასა და „იუთუბში“. ვიდეორგოლები ფონ დერ ლაიენის ლიდერობის თვისებებსა და ევროკავშირის პროექტისადმი მის ერთგულებას ეხებოდა. თუმცა ფონ დერ ლაიენის შესახებ არცერთ რეკლამაში არ იყო ნახსენები მისი საარჩევნო კამპანია ან მისივე „ევროპის სახალხო პარტია“ ოფიციალურ შემსყიდველად „გუგლის“ გამჭვირვალობის რეესტრში. ამის ნაცვლად, ფონ დერ ლაიენის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერ პარტიულ ციფრულ გზავნილებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად ნახსენები იყო პარიზში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია MCC AdQuality.

მას შემდეგ, რაც „პოლიტიკომ“ აღნიშნული ინფორმაცია გაასაჯაროა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეკლამა „გუგლის“ გამჭვირვალობის რეესტრში თავისი ხარჯების ჩამონათვალში მიუთითა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, რეკლამის შემსყიდველის შესახებ ინფორმაციის არგასაჯაროება არ ყოფილა უკანონო. თუმცა ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი წესები ინტერნეტში პოლიტიკური კამპანიის გამჭვირვალობის გასაძლიერებლად, რაც მოიცავს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან საჭიროებას, გაასაჯაროონ ინფორმაცია ნაყიდი ციფრული პარტიული გზავნილების შესახებ.

ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტია“ ასევე არის ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნების წინ შემუშავებული ნებაყოფლობითი ქცევის კოდექსის ხელმომწერი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური რეკლამისა და საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, მათ შორის დაპირებას, არ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა ინტერნეტში სარეკლამო სააგენტოების მსგავსი შუამავლების გამოყენებით შესაბამისი აღნიშვნის გარეშე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ გენერალურმა მდივანმა, თანასის ბაკოლასმა დაადასტურა, რომ AdQuality პასუხისმგებელი იყო, ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის რეკლამის შეძენაზე.

„„ევროპის სახალხო პარტია“, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, მოქმედებს მკაცრი წესებითა და რეგულაციით და ექვემდებარება მკაცრ აუდიტს ყველა ფინანსურ და სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.

„გუგლში“ კი გამოცემას განუცხადეს, რომ კომპანია რეკლამებთან დაკავშირებით საკითხს იძიებს. მარტის შუა რიცხვების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად კამპანიის დაწყება, MCC AdQuality-მ „გუგლის“ სერვისებში 17 რეკლამაზე, ჯამში, 69 300 ევრო დახარჯა.