რატი იონათამიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოზიციები გაყოფილია, რაც სწორია, როგორც წევრ, ასევე კანდიდატ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ
რატი იონათამიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოზიციები გაყოფილია, რაც სწორია, როგორც წევრ, ასევე კანდიდატ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოზიციები გაყოფილია, რაც სწორია, რადგან როგორც წევრ, ასევე კანდიდატ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ის გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც მათი ქვეყნის პროგრესისთვის, უსაფრთხოების დაცვისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა სწორად მიიჩნიეს, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება“.

იონათამიშვილი ასევე გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ბორელი ამბობს: „ჩვენ დავიწყეთ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის“.

იონათამიშვილის თქმით, ევროკავშირის შემთხვევაში სანქციები გამორიცხულია.

„როგორი დისკუსიაც არ უნდა იყოს, ეს ანგარიშგასაწევი იქნება. დეზინფორმაციული კამპანიაა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება იქნება უვიზო მიმოსვლაზე. რეალურად, ამის მექანიზმები არ არსებობს, ამიტომ ეს არის მავნებლური კამპანია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. საფრთხე არ ემუქრება არც ვიზალიბერალიზაციას, არც ასოცირების შეთანხმებას და არც თავისუფალ ვაჭრობას. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციები გამორიცხულია. ამერიკის მხრიდან იყო მინიშნებები, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეფასდება შეცდომად, როგორც, სამწუხაროდ, 1991 წელს მოხდა მხარდაჭერა გორბაჩოვის და არა – გამსახურდიასი. დღეს ეს აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მძიმე შეცდომა ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.