ცალკეული ადამიანები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა არ ჰქონდეს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ შეეშლება.
„ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ის ამოცანაა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას და არავის აქვს უფლება, საკუთარი უპასუხისმგებლობა გამოიყენოს, რათა ვიწროპარტიული ინტერესებით იმოქმედოს. მთელი რიგი ჩანაწერები, რაც ამ დოკუმენტშია მიუხედავად იმისა, რომ საგარეო კომიტეტში განხილვის შემდეგ მნიშვნელოვნად შერბილებულია, ჩვენს მოსახლეობაში მაინც ტოვებს უსამართლობის განცდას. მოსახლეობა კარგად აანალიზებს, რომ ეს ჩანაწერები არ ასახავს ობიექტურ რეალობას, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ვინაიდან აქ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და იქ ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან ვხედავთ არაკეთილსინდისიერ მიდგომებს. ამ ადამიანებმაც უნდა გაიაზრონ, რომ მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოეკიდონ საკითხს, როცა ორმაგ სტანდარტებს წერენ მსგავს დოკუმენტში.
გუშინ, როდესაც ინტერნაციონალური დანაშაული გაიხსნა, ამის შემდეგ ისინი ვალდებულები არიან დასკვნები გამოიტანონ. ვხედავთ, რომ ცალკეული ადამიანები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა საქართველომ არ განიცადოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ახალი არ არის, ამას ვხედავდით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, მაგრამ ნებისმიერ ასეთ დროს საქართველომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გადალახა მსგავსი დაბრკოლება. რეალურად, დღეს კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და დამსახურებულადაც უნდა მივიღოთ. ჩვენ, მაინც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და გვგონია, ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს არ შეუშლის, როგორც არ უნდა ეცადონ დესტრუქციული, ომის პარტიები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.