რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილს თინა ბოკუჩავას მიმართ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ შალვა პაპუაშვილს თინა ბოკუჩავას მიმართ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ოპოზიციას პროტესტი მაშინ არ ჰქონია, როცა სხდომათა დარბაზში მაგიდაზე დეპუტატი ავიდა.
„ცოტა ხნის წინ, მამუკა ხაზარაძის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინები მოვისმინეთ, როცა მან ბრმა და ყრუ გამოიყენა შეურაცხმყოფელ კონტექსტში. ვისაც ამ საკითხებზე პროტესტი არ აქვს და აჩვენებენ, თითქოს ეთიკაზე შესტკივათ გული, ეს არის ფარისევლობა, სუბიექტური დამოკიდებულება და საზოგადოება მსგავს ქცევას არავის პასუხობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს – შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ და ეთიკის კოდექსისგან რეაგირებას ითხოვენ.