რატი ბრეგაძე - პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ, დამოუკიდებლადაც დავიწყებთ შესწავლას, თუმცა ვცდილობთ, პოლონური მხარისგან მივიღოთ ოფიციალური განმარტება
პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუშების არასათანადო გზით გატანის ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ და შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, ცდილობენ, პოლონური მხარისგან მიიღონ ოფიციალური განმარტება.
„ჩვენ დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და მის სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ვცდილობთ, პოლონური მხარისგან მივიღოთ ოფიციალური განმარტება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა გონივრული ვადა პოლონური მხარისგან განმარტების მიღებას, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ვადა არსად არ არის განსაზღვრული, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას რამდენიმე დღის მეტი არ დასჭირდება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.