რატი ბრეგაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომელ სამართლებრივ მექანიზმსა და თავდებობაზე საუბრობენ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება თავდებობასთან დაკავშირებით გაუგებარია, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს საკუთარი ნებით აცხადებს.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებას, ამაზე არც ვიცი რამდენად ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს საერთოდ ეს ხალხი, რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული. ის საკუთარი გადაწყვეტილებით ამბობს უარს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ გვქონდეს შესაძლო გართულებები, მას გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილი იყოს კლინიკაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.