რატი ბრეგაძე - კიევი როდესაც იბომბებოდა, საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩებოდა უკრაინელი ხალხის გვერდით, ტელეფონით როდესაც ვსაუბრობდით, აფეთქებების ხმაც მესმოდა
რატი ბრეგაძე - კიევი როდესაც იბომბებოდა, საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩებოდა უკრაინელი ხალხის გვერდით, ტელეფონით როდესაც ვსაუბრობდით, აფეთქებების ხმაც მესმოდა

კიევი როდესაც იბომბებოდა, საქართველოს ელჩი და დიპლომატიური პერსონალი რჩებოდნენ ქალაქში უკრაინელი ხალხის გვერდით. ბატონ გიორგი ზაქარაშვილს როდესაც ვესაუბრებოდი – მქონდა რამდენჯერმე მასთან სატელეფონო საუბარი – აფეთქებების ხმაც კი ისმოდა. დაუშვებელი იყო, რომ ამ ადამიანისათვის, რომელიც ბოლომდე, მართლაც რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ვაჟკაცურად იმყოფებოდა ქალაქში, მოეწოდებინა უკრაინის პრეზიდენტს, დაეტოვებინა კიევი და ჩამოსულიყო საქართველოში კონსულტაციების გასამართად, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძის განცხადებით, სრულიად გაუგებარია, რა საკითხზე შეიძლება, გაიმართოს კონსულტაციები უკრაინის ელჩთან საქართველოში მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში იხდის სასჯელს.

„სასამართლომ სააკაშვილის მხარის მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების არ დააკმაყოფილა. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი ერთადერთი მოთხოვნა, რაც გულისხმობდა სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანას სამედიცინო მიზნებით. ეს ადამიანი სრულიად კანონიერად იმყოფება საპატიმროში და მისი უფლებები არ ირღვევა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკა სამართლის დადგენილ ჩარჩოებში ხორციელდება.

„ჩვენ ვმოქმედებთ სამართლის და არა პოლიტიკური შთაბეჭდილებების შესაბამისად. სამართალი და პოლიტიკა არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სამართლის დადგენილ ჩარჩოებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.