გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში, კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება.
„ჩვენს ხელთ არსებული მსოფლიო დონის გენომური ტექნოლოგიებით, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვავლინეთ, რომელიც შესაძლოა, სამხრეთ ინგლისში სწრაფ გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული“, — ამბობს ჰენკოკი.
მისივე თქმით, ვირუსი ძალიან მკვეთრი, ექსპონენციალური ზრდით გამოირჩევა ლონდონში, კენტში, ჰერტფორდშირსა და ესექსის გარკვეულ ნაწილში.
ჰენკოკი იქვე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი ან ვაქცინებისადმი რეზისტენტულია. თუმცა, დასძენს, რომ შესაძლოა, ის უფრო გადამდები იყოს.
„თავდაპირველი ანალიზების მიხედვით, ეს ვარიანტი არსებულ ვარიანტებზე უფრო სწრაფად ვრცელდება“.
ჰენკოკის განცხადებით, სულ მცირე 60-მა სხვადასხვა ადგილობრივმა უწყებამ დააფიქსირა ამ ვარიანტის მიერ გამოწვეული ინფექციები; ამის შესახებ მათ უკვე შეატყობინეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ბრიტანელი მეცნიერები დეტალურ კვლევებს უკვე აწარმოებენ. დამატებით დეტალებზე ჰენკონს არაფერი უთქვამს.
ხვალიდან ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის დიდ ნაწილში ლოკდაუნის მკაცრი, მე-3 დონე ამოქმედდება.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები სიმშვიდისკენ მოგვიწოდებენ, იქამდე, ვიდრე ჰენკოკის მიერ ხსენებული კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
„ძალიან გამაღიზიანებელია ასეთი განცხადების გაკეთება რაიმე დაკავშირებული მტიცებულების გარეშე“, — ამბობს გენეტიკოსი ლუსი ვან დორპი, რომელიც კორონავირუსის გენომს სწავლობს და იქვე დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ერთმა მუტაციამ დიდი როლი ითამაშოს ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების სიმწვავის ცვლილებაში.
ახალი ვარიანტის გამო შეშფოთება ძალიან ნაადრევია
ყველა სხვა ვირუსის მსგავსად, დროთა განმავლობაში მუტაციას კორონავირუსებიც განიცდის. შესაბამისად, პანდემიის დაწყების დღიდან, მეცნიერები ახალი კორონავირუსის ნიმუშებს რეგულარულად აგროვებენ და მათ გენეტიკურ სეკვენირებას ახდენენ, რათა დააკვირდნენ, როგორ იცვლება ის დროსთან ერთად.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია. სწორედ ასე მუშაობს ვირუსები“, — ამბობს გენეტიკოსი ემა ჰოდკროფტი, რომელიც კორონავირუსის გენომს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში სწავლობს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის გენომიკის პროფესორის, ალენ მაკნელის განცხადებით, ბრიტანეთში მოქმედმა სატესტო ლაბორატორიებმა ვირუსის ახალი ვარიანტი გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში დააფიქსირეს.
„უმნიშვნელოვანესია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რაციონალური პოზიცია ამ შტამთან მიმართებაში, რადგან ეს ვირუსების ნორმალური ევოლუცია გახლავთ და ველოდებით, რომ დროთა განმავლობაში ამ ვირუსის ახალი ვარიანტები გამუდმებით გამოჩნდება და გაქრება“, — აღნიშნავს მაკნელი განცხადებაში.
მისივე თქმით, ჯერ ძალიან ადრეა, რომ ამ ახალი ვარიანტის შესახებ შევშფოთდეთ ან არ შევშფოთდეთ, რადგან მეცნიერებმა მისი დეტალური კვლევა ჯერ ახლა დაიწყეს.
ახალი ვარიანტი შეიცავს მუტაციებს ვირუსის წვეტ ცილაში, რომელსაც N501Y-ს უწოდებენ. სწორედ ამ ცილას იყენებს კორონავირუსი ჩვენს უჯრედებში შესაღწევად; შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ ნაწილის რაიმე ცვლილებამ ვირუსს ორგანიზმის ინფიცირება გაუადვილოს.
„მიმდინარეობს კვლევა, არის თუ არა ეს მუტაცია რაიმე კავშირში გადადების მაჩვენებლის ზრდასთან. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ვარიანტს (ან აქამდე შესწავლილ სხვა ვარიანტებს) რაიმე გავლენა აქვს დაავადების სიმწვავეზე ან ის ვაქცინის ეფექტიანობას შეამცირებს“, — წერს განცხადებაში გაერთიანებული სამეფოს COVID-19-ის გენომიკის კონსორციუმი, რომელმაც ახალი ვარიანტი გამოავლინა.
მუტაციები ვირუსის ქცევაზე ყოველთვის არ ახდენს გავლენას
ვირუსის ახალი ვარიანტის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ სხვა მეცნიერებიც.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი უფრო მწვავე დაავადებას იწვევს“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვენდი ბერკლი.
გენეტიკოს ემა ჰოდკროფტის განცხადებით, მისი ჯგუფის მიერ დაკვირვებულ მუტაციათა უმეტესობა უსაფრთხოა და კორონავირუსი მუტაციას ნელა განიცდის. მისივე თქმით, არსებობს ერთი ვარიანტი, სახელად 614G, რომელიც შეიძლება, თავდაპირველ ვირუსზე მეტად გადამდები იყოს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ჯონათან ბოლი სამეცნიერო მედიაცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ფრთხილ ტონს ინარჩუნებს.
„მრავალი ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს და ზოგჯერ, ამ ცვლილებებმა ვირუსს სარგებელი მოუტანოს — გახადოს უფრო ადვილად და ეფექტიანად გადამდები ან თავი აარიდონ ვაქცინებსა და პრეპარატებს, თუმცა, ბევრ ცვლილებას ამ მხრივ არანაირი გავლენა არ აქვს“, — ამბობს ბოლი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიოს მრავალ ნაწილში ვირუსის ახალი გენეტიკური ვარიანი გამოჩნდა და ვრცელდება, ეს ყველაფერი პირწმინდად შემთხვევით ხდება.
„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გენეტიკური ცვლილება დაფიქსირებისთანავე შევისწავლო, რათა გავარკვიოთ, ახდენენ თუ არა ისინი გავლენას ვირუსის ქცევაზე“, — აღნიშნავს ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ჯონათან ბოლი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.