რა სანქციებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა - გიორგი გახარიას განმარტება
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს. აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთ ეს ქმედება უკვე შემოღებულია და ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რაც ადგება ჩვენს ეკონომიკას.
კარგად გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებმაც დაკარგეს ან შეიძლება დაკარგონ სამსახური. შესაბამისად, შემოსავალი. ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების, რომელსაც ექნება ხელშესახები მიზანი, ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.