რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონით რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე თავდასხმისას უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონით რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე თავდასხმისას უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ. რუსულ მედიაში გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცრაზმელთა უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინული დრონის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გავრცელდა.
„როგორც ადრე ვთქვი, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი ჩვენს მხარეს არ არის. თუმცა არის მსხვერპლი უკრაინელ ტყვეებს შორის“, – განაცხადა კადიროვმა.
მისივე მტკიცებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყველა სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის RSU-ს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 10-მდე უკრაინელი ტყვე იმყოფება. კადიროვმა არ წარმოადგინა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა.
უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს წყაროებმა დაუდასტურეს უკრაინული დრონით ჩეჩნეთზე თავდასხმის ფაქტი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, უპილოტო აპარატი დაღესტნიდან ან ინგუშეთიდან გაუშვეს.
რამზან კადიროვმა მანამდე განაცხადა, რომ უნივერსიტეტზე განხორციელდა საჰაერო უპილოტო აპარატით თავდასხმა, დარტყმის შედეგად კი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცარიელი შენობის სახურავი დაიწვა. იგი აცხადებდა, რომ მსხვერპლი და დაშავებულები არ იყვნენ.
რუსულმა ტელეგრამარხებმა გამოაქვეყნეს დამწვარი შენობის ფოტოები, რომელიც ჰგავს გუდერმესში სპეცრაზმის უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ცეცხლის ორი კერა სახურავზე. ცნობისთვის, ეს იყო დრონებით პირველი თავდასხმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.
გუდერმესში კერძო სპეცრაზმის უნივერსიტეტი 2013 წლის აგვისტოში კადიროვის ინიციატივით გაიხსნა და ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამზადებენ რუს სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის და 2022 წლის თებერვლიდან იქ მომზადება გაიარა დაახლოებით 42 000 სამხედრომ.