რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება, რადგან რესპუბლიკაში ჯარში გაწვევის გეგმა 254%-ის გადაჭარბებით შესრულდა
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება, რადგან რესპუბლიკაში ჯარში გაწვევის გეგმა 254%-ის გადაჭარბებით შესრულდა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სამხედრო ოპერაციაში“ ჩეჩნეთის 20 ათასმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.
მედიის ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა ოპერატიულ შტაბთან თათბირზე განაცხადა.
ამასთან, კადიროვს არ დაუკონკრეტებია რა გეგმაზეა საუბარი და როდის დამტკიცდა ეს გეგმა.
ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვინც საპროტესტო აქციაზე გავა, მათ ქმრებსა და შვილებს საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე გაუშვებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, რასაც რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და დაკავებები მოჰყვა.