„რამშტაინის ფორმატში“ მეთერთმეტე შეხვედრა 21 აპრილს გერმანიაში გაიმართება
„რამშტაინის ფორმატში“ მეთერთმეტე შეხვედრა 21 აპრილს გერმანიაში გაიმართება

უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ „რამშტაინის ფორმატში“ რიგით მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გერმანიაში გაიმართება. შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოლაპარაკებებზე თავდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე ომსა და უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, „რამშტაინის ფორმატში“ შეხვედრისას ქვეყნისთვის პრიორიტეტი კვლავ საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხები იქნება.

„რამშტაინის ფორმატი“, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. შეხვედრების მიზანია, დააკმაყოფილოს უკრაინის არმიის თავდაცვის საჭიროებები. აღნიშნული ფორმატის მეათე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში შედგა, რომელზეც ლიდერები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანტექნიკის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.