გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. მათივე ცნობით, შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები.
ასევე 21 იანვრამდე შეჩერდა სწავლა ილიაუნიში.
„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე“, – ნათქვამია ილიაუნის განცხადებაში.
სწავლა შეჩერდა თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სწავლა შეჩერდეს 21 იანვრამდე“, – აღნიშნულია სამხატვრო აკადემიის განცხადებაში.