რამდენად გვიცავს პირბადე ახალი კორონავირუსისგან
რამდენად გვიცავს პირბადე ახალი კორონავირუსისგან

ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის მრავალ საშუალებას შორის, პირბადის ტარება ხალხში განსაკუთრებით პოპულარულია. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ის პრევენციის არც ისე ეფექტიანი საშუალებაა.

„ადამიანები პირბადეში თავს დაცულად გრძნობენ, მაგრამ ის ნამდვილად არ გახლავთ პრევენციის ეფექტიანი საშუალება“, — ამბობს ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერი ერიკ ტონერი.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან დეკემბრის ბოლოს გავრცელებულმა კორონავირუსმა უკვე 2700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოს 40 ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 81 000-ზე მეტი პირი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, უსაფრთხოების ყველაზე კარგი გამოსავალია ყველა სახის მიკრობისგან თავდაცვა, რისთვისაც აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, საკუთარ სახეზე ხელების ნაკლებად შეხება და დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება.

ცენტრი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს, რაც ნერწყვისა და ნახველის გზით კორონავირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის პირბადე ბევრს არაფერს ნიშნავს.

პირპადის დანიშნულებაა შეაკავოს ვირუსით დაბინძურებული მსხვილი ნაწილაკები (ნერწყვის ან ნახველის). არსებობს ორი სახის ნიღაბი — ქირურგიული და N95 აირწინაღი.

N95 აირწინაღი ჰაერში არსებულ ნაწილაკთა დიდ ნაწილს ფილტრავს და ადამიანს 0,3 მიკრონზე ნაკლები დიამეტრის მქონე ნაწილაკის შესუნთქვისგან იცავს. ამ ტიპის ნიღბებს ძირითადად გამოიყენებენ მაშინ, როდესაც ჰაერი ხანძრებისგან ან გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ზომები 0,5-0,2 მიკრონს შორის მერყეობს.

რაც შეეხება ჩვეულებრივ, ქირურგიულ ნიღაბს, რომელიც ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია, მისი დანიშნულებაა შეაკავოს ნერწყვისა და ნახველის წვეთების გადაცემა ერთი პირისგან მეორეზე ან ახლომდებარე საგნებზე. შესაბამისად, მისი უპირველესი დანიშნულებაა, შეაჩეროს ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პირის ღრუდან მიკრობების გადაცემა მათივე პაციენტებზე.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანი ორივე ტიპის ნიღაბს არასწორად ატარებს. ხშირად ისინი ნიღაბს იწევენ, რათა საკუთარ სახეს შეეხონ, ამით კი არღვევენ იმ ბარიერს, რისთვისაც ნიღაბია შექმნილი. შედეგად, საგრძნობლად მცირდება მისი ეფექტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით; ხველებისა და ცემინების დროს ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარება; იმ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავშეკავება, რომლებსაც აქვთ სიცხე, ახველებენ ან აცემინებენ; და რა თქმა უნდა, სიცხის, ხველისა და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მომზადებულია Business Insider-ისა და Live Science-ის მიხედვით.