რამაზ საყვარელიძე - საქართველოს ერთხანს ჰქონდა იდეა, სამტრედიის რკინიგზის კვანძი გადაეკეტა და ამით რუსეთისთვის ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა, რაც მერე იმდენად სასაცილო აღმოჩნდა, რომ ამას თავად იდეის ავტორებიც კი არ ახსენებენ ხოლმე
საქართველოს ერთხანს ჰქონდა იდეა, რომ სამტრედიის რკინიგზის კვანძი გადაეკეტა და ამით რუსეთისთვის ასე ვთქვათ, ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა, რაც მერე, დროთა განმავლობაში იმდენად სასაცილო აღმოჩნდა, რომ ამ იდეას თავად იდეის ავტორებიც კი არ ახსენებენ ხოლმე, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„ვფიქრობ, საქართველომ სასურველია, იმოქმედოს დასავლეთთან სინქრონულად. იმიტომ, რომ ხომ გაგიგიათ, „დედის წინ მორბენალ კვიცსო…“, ან „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო“?! რაღაც ანალოგიური პრობლემა არ გაუჩნდეს საქართველოს იმიჯს, რადგან საქართველოს ერთხანს ჰქონდა ამდაგვარი იდეა, რომ სამტრედიის რკინიგზის კვანძი გადაეკეტა და ამით რუსეთისთვის ასე ვთქვათ, ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა. ეს იდეა მერე, დროთა განმავლობაში, როცა სხვანაირი დამოკიდებულება მომწიფდა, იმდენად სასაცილო აღმოჩნდა, რომ ამას იდეის ავტორებიც კი არ ახსენებენ ხოლმე. ახლაც, რაღაც ანალოგიური არ გამოგვივიდეს. იქ, სადაც აშშ-ის, ინგლისის და ევროპის სხვა ქვეყნების სერიოზულ სანქციებზეა ლაპარაკი, უცებ, საქართველო რომ თავისი ეკონომიკური სანქციებით ჩაერთოს, ცოტა ღიმილისმომგვრელი შეიძლება, იყოს, მაგრამ ამ პროცესს საერთოდ რომ არ გამოეთიშოს, წილი ჰქონდეს შესატანი და ეს წილი მოიზომოს, ამიტომ დასავლეთთან მუდმივი კოორდინაციის პირობებში ნაბიჯების გადადგმა ვფიქრობ, უპრიანია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.