რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, საქართველოს გარეთ რევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, გადალაგდეს მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე
რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, საქართველოს გარეთ რევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, გადალაგდეს მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე

„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ეცდება, გადალაგდეს მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე, – განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით არ აქვს დალაგებული პროგრამა, იცვლება მათი პროგრამა და ვფიქრობ, ნელ-ნელა რევოლუციური თეზისიც იხსნება. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს გარეთ რევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, მათ შორის, რუსეთშიც და, მგონი, ამათ რევოლუციას უკრაინაშიც კი კაციშვილი აღარ დაუჭერს მხარს. ამიტომ, ესენი ნელ-ნელა ეცდებიან, გადალაგდნენ მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე. ისინი არჩევნების გზით სრულიად ლეგიტიმურად მეორე პოზიციაზე გავლენ, აიღებენ ბიუჯეტიდან თანხას, რაც მეორე პოზიციას შეესაბამება და იქნებიან კმაყოფილი თვითონაც და მეტოქე „ქართული ოცნებაც“ კმაყოფილი ეყოლებათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის დავალებით შექმნილი მანიფესტი გზავნილი მელიას, მისი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი წარმომადგენლების მიმართ, რადგან პარალელურად საუბარია იმაზე, რომ თუ ვინმე დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის პარტიიდან მექანიკურად გაირიცხება და ხომ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ძველი წევრების გვერდით გაწევას, რადგან, თუ მის ბოლო განცხადებებს გავიხსენებთ, ის აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შორის ლოგიკური კავშირის მოძებნა რთულია და მისი დებულებების ერთ სისტემაში დანახვას ვერ ახერხებს.

„ერთსაც ამბობს, მეორესაც, მესამესაც და ლოგიკური კავშირის მოძებნა ძნელია. მე მაინც მგონია, რომ ვინც ხელს არ მოაწერს, ის ჩვენიანი არ არის, უფრო ეკუთვნის ხაბეიშვილს, მისი ინტერესია, ხოლო მიშამ ბოლო ხანებში დაიწყო აქცენტის გადატანა იმაზე, ვისაც ჩვენი პარტიისთვის დიდი ღვაწლი აქვს, როგორ შეიძლება მათი ათვალწუნება და გაშვებაო. მე მგონი, მელია იგულისხმებოდა მაგ შემთხვევაში. მოკლედ, მიშა რამდენიმე ტიპის სვლას აკეთებს და თვითონ არ აქვს დალაგებული, საბოლოო ჯამში, რა უნდა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებების იქით რეალური სიტუაციის დანახვა ძნელია, რადგან, მე მგონი, ქაოსია. შიდა ლოგიკის დანახვა ძნელია, რადგან არც არის ეს შიდა ლოგიკა, ქაოსია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და, ზოგადად, ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე, ან ოპოზიციურ ფლანგზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, რა კონფიგურაცია შეიძლება, მივიღოთ მომავალ პარლამენტში, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ, საქართველოს გამოცდილებით, ყველა პოლიტიკურად პროდუქტიული ოპოზიცია მმართველ პარტიაში იბადებოდა და ახლაც ყველაზე რეალისტური ვარიანტია, „ქართულ ოცნებაში“ დაიბადოს ასეთი ოპოზიცია.

„„ქართული ოცნება“ გაყოფას ვერ გადარჩება. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, ამ არჩევნებზე თუ მომავალ არჩევნებზე, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ დაიბადება ჯგუფი, რომელიც თვითონ აღმოჩნდება „ოცნებასთან“ ოპოზიციაში და ეს ბევრ რამეს შეცვლის, სალაპარაკო თემა უკვე ეს ჯგუფი გახდება და გაგრძელდება მრავალპარტიული ცხოვრება. ვხედავთ, რომ ამ წვრილი პარტიებიდან ოპოზიციური პარტია ვერ კეთდება. ამიტომ რაღაც სხვა მექანიზმია გასაკეთებელი და ეს მექანიზმი ნანახი გვაქვს ჩვენივე უახლეს ისტორიაში – დიდი გაერთიანების დაყოფა და ასე შექმნა ოპოზიციის “, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.