რამაზ მიქელაძე - ვარიანტი, რომ ბაქტეროლოგიურად ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ჩვენამდე შემოვიდეს და გავლენა მოახდინოს ტურისტულ სეზონზე,  აბსოლუტური აბსურდია
რამაზ მიქელაძე - ვარიანტი, რომ ბაქტეროლოგიურად ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ჩვენამდე შემოვიდეს და გავლენა მოახდინოს ტურისტულ სეზონზე, აბსოლუტური აბსურდია

შავი ზღვის სანაპიროზე ამ ეტაპზე არსებული მახასიათებლებით რამე განსაკუთრებულ მოვლენა არ ვლინდება, რომელიც შეიძლება, საშიშროებას ქმნიდეს როგორც ადამიანისთვის, ასევე ბიოლოგიური გარემოსთვის, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რამაზ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„კახოვკიდან გამომდინარე აჟიოტაჟმა გამოიწვია, რომ მოხდა უფრო მოკლე დროში კვლევების წარმოება, ყოველ მეათე დღეს. ყოველ მეათე დღეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში ხდება ეს ყველაფერი. კვლევების წარმოებას რამდენიმე დღე სჭირდება, საქართველოს მთელ სანაპიროზე და ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვჩერდებით. საქართველოს მთელი სანაპირო კონტროლდება ბაქტეროლოგიურ დაბინძურებაზე. არის უბნები, სადაც საბანაო-საცურაო უბნები არ არის და ჩვენ იქაც კი ვაკეთებთ სინჯების აღებას ბაქტეროლოგიური კუთხით“, – განაცხადა მიქელაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად კომპლექსურია კვლევები და ტარდება თუ არა ზღვის წყლის ბაქტეროლოგიური კვლევა, რადგან კახოვკის აფეთქების შემდეგ ბაქტეროლოგიური დაბინძურების ძალიან დიდი საფრთხეც გაჩნდა, რამაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ არსებობს მცდარი აზრი, თითქოს კახოვკის ინციდენტმა შეიძლება, რამე ტიპის, განსაკუთრებით, ბაქტეროლოგიური გავლენა მოახდინოს საქართველოს წყლებზე, მაგრამ იმისთვის, რომ ეს არ დავიჯეროთ, პირველ რიგში, შავი ზღვის დინებების რუკა უნდა ვიცოდეთ.

„ამ დინების რუკის მიხედვით რამე ვარიანტი, რომ ბაქტეროლოგიურად დაბინძურდეს ან სხვა რამ ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ჩვენთან შემოვიდეს და გავლენა მოახდინოს ტურისტულ სეზონზე, არის აბსოლუტური აბსურდი. ჯერ ერთი, ის წყალი რომ აქ ჩამოვიდეს, მინიმუმ, ალბათ, სამი თვე სჭირდება, თუ დინების სიჩქარეს დავთვლით, 30 სმ წამში. ესეც საშუალო სიჩქარე, თორემ ასე მარტივად არ არის, რომ პირდაპირ წყალი ჩვენთან მოდიოდეს. მცდარია, როდესაც საუბარია, რომ გინდა თუ არა, წყალი აქ შემოვა, და მეორეც, არ განზავდება სათანადო დონეზე. რაც შეეხება ბაქტეროლოგიური განზავების მაჩვენებლებს, შეუძლებელია, იქიდან ჩვენამდე ჩამოვიდეს ბაქტერია და ზიანი მოგვაყენოს, პირდაპირ გეუბნებით“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, იყო საუბარი იმაზე, თითქოს შეიძლება, ჩვენი გარემო მძიმე მეტალებით დაბინძურდეს ან თევზი დაბინძურდეს და ჩვენს საბანაო სეზონზე მოახდინოს გავლენა, რაც ასევე აბსურდია.

„რამდენად აბსურდული არგუმენტია, გეტყვით – თევზში რომ მძიმე მეტალები დაგროვდეს, ამას სჭირდება რამდენიმე თვე ან უფრო მეტი პერიოდი. მეორეც, ის თევზი ჩვენამდე უნდა ჩამოვიდეს და თუნდაც ჩამოვიდეს, თევზმა მობანავეზე როგორ უნდა მოახდინოს გავლენა, აბა, მითხარით?! ეს თევზი უნდა შევჭამოთ ალბათ, რომ რაღაც გავლენა მოახდინოს ჩვენზე და ისიც რამდენი სახეობა ჩამოდის იქიდან აქ? სულ რამდენიმე სახეობაა, რომელიც თეორიულად შეიძლება, ჩამოვიდეს ჩვენამდე. ძალიან ბევრი ამაზე, უბრალოდ, სპეკულირებს, მეტი არაფერი“, – განაცხადა მიქელაძემ.

რამაზ მიქელაძემ ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში მდინარეებიდან ბევრი ნალექი ჩაედინება და ის საბანაოდ იდეალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბანაობა სიფრთხილით, გარკვეული დღეების შერჩევით, ნაწვიმარის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ჩვენს პირობებში დასვენება აბსოლუტურად მისაღებია.