რამადან ბაირამთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა
რამადან ბაირამს აღნიშნავენ დღეს ქართველი მუსლიმები. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.
წვიმიანი ამინდის გამო, მრევლი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე ვერ განთავსდა, რის გამოც, მუფთის განცხადებით, მორწმუნეებმა ლოცვა მეჩეთში შემჭიდროებულად შეასრულეს.
მორწმუნეებს ბაირამი აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, ასევე ბათუმის მერმა მიულოცეს.
რამადან ბაირამი ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ დგება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნე მუსლიმები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.
ბაირამს სატანის დამარცხების დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ დღეს მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს სადღესასწაულო ტკბილეულით უმასპინძლდებიან, მოინახულებენ ნათესავებსა და წინაპართა საფლავებს.