„რაინეარის“ ხელმძღვანელი - გამოვკითხეთ ეკიპაჟი, რომელმაც ფენომენური სამუშაო გასწია, რათა მგზავრებს მინსკი ექვსი საათის შემდეგ დაეტოვებინათ
ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი მინსკში მომხდარ ინციდენტს ბელარუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მეკობრეობად და თვითმფრინავის გატაცებად აფასებს.
„ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, რადგან ევროკავშირის ხელისუფლება და ნატო არკვევს. ჩვენ გამოვკითხეთ ეკიპაჟი, რომელმაც ფენომენალური სამუშაო გაწია, რათა თვითმფრინავს და თითქმის ყველა მგზავრს მინსკი ექვსი საათის შემდეგ დაეტოვებინა“, – განაცხადა მაიკლ ო’ლირიმ.
მისივე თქმით, ეს ინციდენტი შიშისმომგვრელი იყო მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის, ვინაიდან როგორც მგზავრებს, ასევე მათ ბარგს შეიარაღებული პირები ჩხრეკდნენ.
„როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანი იყო რეისიდან მოეხსნა ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირი. ვფიქრობთ, აეროპორტში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებიც დარჩნენ. ხუთმა ან ექვსმა პირმა დატოვა თვითმფრინავი, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი დააკავეს – ვვარაუდობთ, რომ დანარჩენები საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ“, – განაცხადა მაიკლ ო’ლირიმ.
ავიაკომპანია „რაინეარმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი რეისის ეკიპაჟმა შეტყობინება მიიღო ბელარუსის საჰაერო ნავიგაციიდან, ბორტზე პოტენციური საფრთხის არსებობის შესახებ და ინსტრუქტაჟი უახლოეს აეროპორტში, მინსკში გადამისამართებაზე. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ბორტი მგზავრებმა დატოვეს, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება შემოწმებას ახორციელებდა.
„რაიმე არასახარბიელო არ აღმოუჩენიათ. სამართალდამცველებმა მინსკში თითქმის 7-საათიანი ყოფნისას დაათვალიერეს თვითმფრინავი და გასამგზავრებლად მოამზადეს. „რაინეარმა“ შეტყობინება გაუგზავნა შესაბამის ეროვნულ და ევროპის უსაფრთხოების სააგენტოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.