„რაინეარი“ საქართველოში ფრენებს ნოემბერში იწყებს, თბილისი-მილანის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება
„რაინეარი“ საქართველოში ფრენებს ნოემბერში იწყებს, თბილისი-მილანის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება

ავიაკომპანია „რაინეარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში ფრენების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ემატება. ამ დროისთვის უკვე მითითებულია ბილეთები თბილისიდან მილანის ბერგამოს აეროპორტის მიმართულებით.

პირველი ფრენა 6 ნოემბერს შესრულდება და ფასი 19.99 ევროდან იწყება. ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით განხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ამ ეტაპზე „რაინეარი“ მხოლოდ მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი, იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში.

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება ხელი.