ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩი გაიმართა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჯგუფის ლიდერს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს სამ სეტში მოუგო და დაიტოვა ნახევარფინალში გასვლის შანსი. მატჩი ორი საათი და 54 წუთი გაგრძელდა და ესპანელმა 6:7(4), 6:4, 7:5 მოიგო.
ნადალმა საკუთარ მოწოდებაზე შანსი არ მისცა მეტოქეს – თითქმის სამი საათის განმავლობაში, ციციპასს არცერთი ბრეიკ-პოინტი არ აუღია, ნადალს კი ამგვარი შანსების გამოყენების დაბალი პროცენტი ჰქონდა – ცხრიდან მხოლოდ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
პირველ სეტში არც ნადალს ჰქონია ბრეიკ-პოინტი, ტაი-ბრეიკზე კი ციციპასი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. მეორე სეტში ესპანელმა მეოთხე ცდაზე გამოიყენა ბრეიკ-პოინტი, მესამე სეტში – მეხუთე ცდაზე.
ახლა, სამი ტურის შემდეგ, ციციპასსა და ნადალს ორ-ორი მოგება და თითო წაგება აქვს. ბოლო მატჩში ალექსანდრ ზვერევი და დანიილ მედვედევი შეხვდებიან ერთმანეთს. ზვერევის მოგების შემთხვევაში, მასაც ორი მოგება და ერთი წაგება ექნება და დამატებითი მაჩვენებლების დათვლა გახდება საჭირო. მედვედევის მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალში ნადალი და ციციპასი გავლენ.