რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს.
ამის შესახებ განცხადება სიკორსკიმ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთი და უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებიც ვალდებული არიან, ჩამოაგდონ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები, ვიდრე ისინი ამ სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში მოხვდებიან.
სიკორსკის თქმით, პოლონეთი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტების ჩამოგდებამ, შესაძლოა, ჩაითრიოს ნატო რუსეთ-უკრაინის ომში.
„ნატო-ს წევრობა არ აუქმებს თითოეული სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. ეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც მტრის რაკეტები ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მიფრინავენ, მათი ჩამოგდება იქნება კანონიერი თავდაცვა, რადგანაც როგორც კი ეს რაკეტები გადაკვეთენ ჩვენს საზღვარს, ჩნდება მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ მათი ნამსხვრევების შედეგად ვინმე დაშავდება“, – ამბობს სიკორსკი.
მისივე თქმით, პოლონელმა სამხედროებმა უნდა ჩამოაგდონ ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიტანილი იერიშების დროს გადაუფრენენ პოლონეთის ტერიტორიას და ეს მაშინაც უნდა გააკეთონ, როდესაც არ იციან, რას წარმოადგენენ ეს ობიექტები.
ცნობისთვის, 26 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთში განაცხადეს, რომ მათი საჰაერო სივრცე „საჰაერო ობიექტმა“ დაარღვია. სავარაუდოდ, ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატი. პოლონური მედიის ცნობით, ეს ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 33 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.