რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია იმყოფება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში შეხვედრები გამართა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს ის საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ.
როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა, პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე ისაუბრეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ორგანიზაციის მართვის წესზე, შესყიდვების პროცედურებსა და რეკლამაზე.
„პარლამენტში საკმაოდ ცოცხალი დისკუსიები გაიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამოცდილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამისთვის 12 წუთია დაშვებული, მაშინ როცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სამ წუთს ითხოვს და ისიც – არა პრაიმტაიმში.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, თუმცა მატერიალური ქონების შეძენისას ეს აუცილებელია. ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ფასის, არამედ შინაარსისა და ხარისხის გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვის გაკონტროლებაც უნდა მოხდეს და შესაძლებელიც არის, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც თითოეული თეთრის ხარჯვა არის დასაბუთებული.
გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა კონტროლდება შიდა და გარე აუდიტის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო ფულით ფინანსდება და ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს მეშვეობით კონტროლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლებს გარკვეული თანხა რჩებათ არა მხოლოდ ნაშთის, არამედ მოგების სახითაც და ეს შიდა რეგულაციებით კონტროლდება, რაც ბორდის პრეროგატივაა“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის, რადგან ის არ მაუწყებლობს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, არამედ მოიცავს ყველა ჯგუფს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული პრაქტიკის შესახებ ვისაუბრეთ, დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია, ახლა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.