რადკა ბეთჩევა - პირველი არხის გენერალურ დირექტორს აქვს სამომავლო ხედვა, როგორ დაუახლოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალგაზრდა თაობას, გააერთიანოს რადიო, ტელე და ონლაინ მედია
პირველი არხის გენერალურ დირექტორს აქვს სამომავლო ხედვა, როგორ დაუახლოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალგაზრდა თაობას, გააერთიანოს რადიო, ტელე და ონლაინ მედია, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარზე, რომელსაც პირველი არხი მასპინძლობს.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივის შესახებ კონფერენცია დღეს თბილისში იმართება. მადლობელი ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის. ყველამ ვიცით, რამდენი გამოწვევის წინაშე დგას დღეს მედია. ეს არის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, აუდიტორიის მოთხოვნების ცვლილება, დიდი კონკურენცია, ინტერნეტგიგანტები დიდ ინვესტიციებს დებენ კონტენტის განვითარებაში. ეს ყველაფერი ციფრულ ტრანსფორმაციას, ცვლილებებს კიდევ უფრო საჭიროს ხდის.
ვსაუბრობთ ციფრულ ტრანსფორმაციაზე, არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ აზროვნების, მიდგომების, მენეჯმენტის განვითარებაზე. ძალიან მოხარული ვარ იმის ნახვით, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს აქვს სამომავლო ხედვა, როგორ უნდა დაუახლოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალგაზრდა თაობას და როგორ გააერთიანოს რადიო, ტელე და ონლაინ მედია, რათა მან ფეხი აუწყოს მიმდინარე ცვლილებებს“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
პირველი არხი რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ მასპინძლობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.