პირველი არხის მასპინძლობით, თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია-სემინარი მიმდინარეობს
პირველი არხის მასპინძლობით, თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია-სემინარი მიმდინარეობს

პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ მასპინძლობს. ​სემინარში ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

როგორც კონფერენციაზე თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა აბდურაჰმან აჩიქგოზიმ აღნიშნა, ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია მთელი მსოფლიოსთვის.

„ისინი, ვინც ციფრულ ტრანსფორმაციას ვერ განახორციელებენ, აბსოლუტრად არაეფექტიანები იქნებიან. აქ, ამ შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ერთობლივი შესაძლებლობები, ასევე ვიმსჯელოთ ჩვენს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ჩვენთვის აქ, საქართველოში ყოფნა არის უნიკალური შესაძლებლობა, შევხვდეთ კოლეგებს და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები“, – განაცხადა აბდურაჰმან აჩიქგოზიმ.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის იოანას სტრიკერის თქმით, ​გაციფრულების მთავარი გამოწვევაა, რომ დღეს ადამიანები მედიას სრულად განსხვავებულად იყენებენ, ვიდრე ათი წლის წინ.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვისაუბრო იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება ჩემს მაუწყებელზე. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის სხვა მაუწყებლების გამოცდილების სწავლა. საქართველოში პირველად ჩამოვედი. ცნობისმოყვარეობით ვარ სავსე. ვფიქრობ, გაციფრულების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ დღეს ადამიანები მედიას სრულად განსხვავებულად იყენებენ, ვიდრე ათი წლის წინ. ტრადიციული ტელე და რადიომაუწყებლობის მნიშვნელობა იცვლება. ჩვენ ახლა ახალგაზრდობამდე მობილურებით უნდა მივაღწიოთ,  გამოვიგონოთ მედიის სრულიად განსხვავებული ფორმატი და ეს გამოწვევაა. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ძველი სტრუქტურა, რომელიც შესაცვლელია. ხელახლა უნდა ავაშენოთ მაუწყებლებისთვის ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა“, – განაცხადა იოანას სტრიკერმა.

ამასთან, როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ტელევიზია მთლიანად გადადის ახალ ტექნოლოგიაზე და ძველი ტელევიზია წარსულს ბარდება.

„სიტყვათშეთანხმება ციფრული მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ ყურს ჭრიდა, მაგრამ ეს არის ის, რაც ხდება მედია სფეროში. ტელევიზია მთლიანად გადადის ახალ ტექნოლოგიებზე. ამაზე იკრიბებიან და მსჯელობენ ტელევიზიები, ამის ადგილი არის დღეს საქართველო. ჩვენთვის, პირველი არხისთვის კონკრეტულად სწორედ ეს არის 2019-2020 ამოცანა. მთლიანად გადადის ტელევიზია ახლა ტექნოლოგიაზე და ძველი ტელევიზია ბარდება წარსულს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პირველი არხი რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ მასპინძლობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები პირველ არხს 12 თებერვალს ესტუმრნენ. მათ პირველი არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინართან დაკავშირებით, რომელსაც პირველი არხი მასპინძლობს.