რადკა ბეთჩევა - მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მედიის როლის აღიარება დემოკრატიზაციის პროცესში, რადგან მოიაზრება ისეთივე დემოკრატიულ ინსტიტუტად, როგორც პარლამენტი ან სხვა ინსტიტუტები
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის როლი მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რადგან მოიაზრება ისეთივე დემოკრატიულ ინსტიტუტად, როგორც არის პარლამენტი ან სხვა ინსტიტუტები.
რადკა ბეთჩევას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფდეს მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდებას, აძლევდეს ცოდნას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს მაგიდასთან ყველა მხარის თავმოყრა და დებატების ორგანიზება, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეებს სხვადასხვა მოსაზრებისა თუ პოზიციების გაგებაში. ეს არის ის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში აკეთებს – მხარეების თავმოყრა ერთი მაგიდის გარშემო, საჯარო დებატები, პროგრამები, რომლებიც ხალხს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ეს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა ადეკვატური და პროგნოზირებადი დაფინანსება, რათა საზოგადოებრივი მედია იყოს დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის.
„მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მედიის როლის აღიარება დემოკრატიზაციის პროცესში. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მედია იყოს დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის, მას სჭირდება ადეკვატური და პროგნოზირებადი დაფინანსება, რადგან საზოგადოებრივი მედია ვალდებულია, ემსახუროს საზოგადოების ყველა სეგმენტს. როცა ვამბობ ყველას, ვგულისხმობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმცირესობებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტს მიეცეს საშუალება, გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.