რადკა ბეთჩევა - ძალიან კარგია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი აქტიურია მობილურ ჟურნალისტიკასა და სოციალურ მედიაში
ძალიან კარგია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი აქტიურია მობილურ ჟურნალისტიკასა და სოციალურ მედიაში, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან ღირებული, აქტიური წევრი. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოთქვა ინიციატივა, უმასპინძლოს რეგიონულ აკადემიას. ეს ინიციატივა ეხმიანება იმ თემებს, რომლებსაც ახლა ციფრული ტრანსფორმაციების შესახებ ორდღიან კონფერენციაზე განვიხილავთ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს ჟურნალისტთა აკადემიის რეგიონულ ჰაბს, სადაც აკადემიის ექსპერტები ჩამოვლენ და ტრენინგს ჩაუტარებენ დაახლოებით 50 მონაწილეს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
პირველი ტრენინგი შეეხება მობილურ ჟურნალისტიკას, თუ როგორ შეიძლება რეპორტაჟების შექმნა მობილური ტელეფონებით. მეორე კი, სოციალური მედიის შესახებ იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ორივე ღონისძიება იქნება ღირებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ სფეროში ასეთი აქტიურია“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
პირველი არხი რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ მასპინძლობს. პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანამშრომლობითა და დაფინანსებით ჟურნალისტებისთვის საქართველოში რეგიონული აკადემია იმუშავებს.