რაჟდენ კუპრაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.
შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს. ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს.
რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია.
რიჩარდ ნეფიუს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტურად განხორციელების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე; აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი გიორგი ბაღდავაძე; აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორი თამარ ნასარიძე.
ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.