რაჟდენ კუპრაშვილი - ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა
ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციები დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კუპრაშვილმა აღნიშნა, „ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას“.
„სიტყვა – „გაუმჭვირვალობა“ – შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვალობის გამართლებას. ეს ძალები ეყრდნობიან ფარულ მეთოდებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. მათი საქმიანობა არის დაფარული და გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით. მათი დანახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას. ანტიკორუფციული ბიუროს მთავარ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის უფლების დაცვა. ამ მიზნით, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი კანონდარღვევა გამოვავლინეთ, ხოლო შესაბამისი სუბიექტები დავუქვემდებარეთ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ჩვენი გადაწყვეტილებები დასაბუთებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი, განცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე მალევე შეუერთდა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს გადაწყვეტილებების უტყუარობა“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, არც ერთი გადაწყვეტილებით არ იზღუდება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება.
„აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენს სიცრუესა და სპეკულაციას. ერთადერთი მოთხოვნა არის პოლიტიკური მიზნით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად შევხვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციას, ავუხსენით მათ გადაწყვეტილების შინაარსი და დავუდასტურეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო პროცესთან, სიცრუის ტირაჟირება არათუ არ შემცირებულა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას. იმ შემთხვევაში თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
პირველ ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს, გადაეხედა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ გადაწყვეტილებისთვის და არჩევნებამდე თავი შეეკავებინა სხვა სუბიექტებისთვის სტატუსის შეფარდებისგან.