ონში მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრები დღეს მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ და „ონის კასკადის“ მშენებლობას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, გეოლოგებისა და სეისმოლოგების შეფასებით, ჰიდროკასკადის მშენებლობა საფრთხეს უქმნის რაჭის მოსახლეობას, გარემოსა და ბიომრავლფეროვნებას.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ონის მუნიციპალიტეტში შემავალი შემდეგი დასახლებული პუნქტები: ქალაქი ონი და სოფლები სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას. მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ფერს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმდა.
მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრებმა უკვე შეიტანეს მოსახლეობის ხელმოწერილი განცხადებები შესაბამის უწყებებში და საჯაროდ მოითხოვეს, რომ არ მიეცეს კომპანია „ფერს“ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალება.
მოძრაობის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დღევანდელი აქცია გაიმართება ზემო რაჭის მოსახლეობასთან ერთად და მოძრაობა „არა ონის კასკადს“ არ თანამშრომლობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.