რა ვითარებაა ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო [ფოტო, ვიდეო]

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ძლიერი ქარიშხალი იყო, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ქარიშხლის შედეგად დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, მცირედით დაზიანდა სამრეკლო, ასევე დაზიანებულია ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარიშხლის დროს ტაძარში ტურისტები და მომლოცველები არ იმყოფებოდნენ.

ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში დააზიანა ავტომანქანებიც, აგრეთვე მოგლეჯილია ხეები.

ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც დაზიანდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთ-ერთი მათგანი, პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.