რა უნდა გაითვალისწინოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას
რა უნდა გაითვალისწინოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ზოგიერთი ქალისთვის ყოველდღიურობის ნაწილია, ზოგისთვის კი ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასი. შესაძლოა, თქვენც გახსენდებათ საკუთარი თავი, როდესაც ქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებული აუცილებლობის დროს ჩაგიცვამთ და ის დღე ფეხის გადაბრუნებით ან კიბეზე დაცემით დასრულებულა.

სტატიაში წაიკითხავთ იმ ძირითად წესებს, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას უნდა გაითვალისწინოთ.

 

რა შეიძლება დაემართოს თქვენს სხეულს ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას

  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას დატვირთვა მოდის მუხლზე, რაც შესაძლოა, ოსტეოართრიტის წინაპირობა გახდეს.
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას წვივის უკანა ნაწილის კუნთი შესაძლოა, შეიკუმშოს და დაპატარავდეს.
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება არღვევს წონასწორობას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დაცემა ან კოჭის დაზიანება.
  • მჭიდრო ფეხსაცმელმა შესაძლოა, მორტონის ნეირომა განავითაროს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ღიზიანდება ნერვი, რაც იწვევს თითებს შორის მიდამოს ძლიერ ტკივილს.
  • ტერფთან მოჭერილმა ფეხსაცმელმა შესაძლოა, ფეხის თითის დეფორმაცია და ტკივილი გამოიწვიოს.

 

რაც უფრო მაღალქუსლიანია ფეხსაცმელი, მით მეტი ძალა ადგება ფეხის ქუსლს, ამიტომ ხშირად ეს იწვევს ტკივილს.

ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას დატვირთვა მოდის ხერხემალზე და მისი ქვედა ნაწილი უფრო მეტად არის შეწეული, რაც სისხლის მიმოქცევაზე ნეგატიურად აისახება.

 

როგორ უნდა შეამციროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე

  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ატარეთ კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ.
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას, ყოველ ორ საათში ერთხელ გაიხადეთ ფეხსაცმელი და ტერფი დაიზილეთ.
  • თუ ქუსლიან ფეხსაცმელს ყოველ დღე ატარებთ, ეცადეთ, ქუსლის ზომა 6 სმ-ს არ აჭარბებდეს.

 

აბაზანა ფეხებისთვის

ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ, სასურველია, მოიმზადოთ აბაზანა და 15 წუთით ფეხები წყალში ჩაყოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ზღვის მარილი, მენთოლის ზეთი, ცაცხვი, მცენარე კრაზანა, რძე და მუხის ქერქი.

  1. ზღვის მარილი ხელს უწყობს ფეხის კუნთების მოდუნებას.
  2. მცენარე კრაზანა კურნავს მცირე დაზიანებებს.
  3. რძე კანს უფრო ნაზს ხდის.
  4. მუხის ქერქი ამცირებს ფეხიდან ოფლის გამოყოფას.
  5. ცაცხვი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  6. მენთოლის ზეთი მკურნალობს ფეხების დასიებას
  7. პროცედურის შემდეგ, ჩაიცვით თბილი წინდა.

 

ვარჯიში

მთელი დღის განმავლობაში ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ, სასურველია გააკეთოთ ეს ვარჯიში.

  • 2-5 წუთის განმავლობაში ფეხის ტერფები ჩოგბურთის ბურთზე მოათავსეთ და ბურთი ფეხის გულით დაატრიალეთ.
  • დააფინეთ ხელსახოცი იატაკზე, მოათავსეთ ფეხები და თითებით დაჭმუჭნეთ ხელსახოცი. გაიმეორეთ 15-20-ჯერ.

  • ფეხები მიადგით ერთმანეთს, მუხლები დაჭიმეთ და პირსახოცის საშუალებით გააკეთეთ გაწელვის ვარჯიში დაახლოებით 30-45 წამის განმავლობაში.
  • გააკეთეთ 10-15 ჩაჯდომა ისე, რომ თქვენი ქუსლი ეხებოდეს იატაკს.
  • ფეხის წევერებზე აიწიეთ და ნელა დაუშვით ქუსლი იატაკამდე. გაიმეორეთ 20-ჯერ.

თუ სტატიაში ჩამოწერილ წესებს დაიცავთ, ქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას.