რა შეიცვლება აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ინტერვიუ „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ აზერბაიჯანელ მკვლევარ აჰმად ალილისთან
რა შეიცვლება აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ინტერვიუ „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ აზერბაიჯანელ მკვლევარ აჰმად ალილისთან

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. არსებული შედეგების მიხედვით, პარტია „ენი აზერბაიჯანს“ ახალი მოწვევის 125-ადაგილიან მილი მეჯლისში სულ მცირე 70 დეპუტატი ეყოლება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება 40 დამოუკიდებელი კანდიდატიც.

9 თებერვლის ვადამდელ არჩევნებს ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებმა კრიტიკული შეფასება მისცეს.

ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ კი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, აქციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

აზერბაიჯანში პირველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ აზერბაიჯანელ მკვლევარს, აჰმად ალილის.

აჰმად, რა არის მთავარი სიახლე, რაც 9 თებერვალს აზერბაიჯანში გამართულმა ვადამდელმა არჩევნებმა მოიტანა?

– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნების წინასწარ შედეგებზე, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი ჯერ დამტკიცებული არ არის. ამ ეტაპზე, რამდენიმე ოლქის შედეგები სადავოა. 10 თებერვალს ბევრმა კანდიდატმა გამარჯვება დროზე ადრე იზეიმა. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ოთხი ოლქის შედეგები გაუქმდა. ჩვენ ველოდებით, რომ ცესკო-ს კიდევ სულ მცირე 10 ოლქში შედეგების გაუქმება მოუწევს. ეს აჩვენებს, რომ 9 თებერვალს, ანუ არჩევნების დღეს, არაფერი მთავრდება და აუცილებელია საბოლოო შედეგების ნახვა. ჩემი აზრით, ცვლილებები, რომლებიც აზერბაიჯანში ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, გაგრძელდება. 9 თებერვლის არჩევნები ამ ცვლილებების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დააანონსეს, რომ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამასთან ერთად, ძალიან ბევრმა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც კენჭისყრის დღეს დარღვევებია ასახული. ეს კანდიდატები ითხოვენ ყველა ინციდენტის სამართლიან გამოძიებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა და ახალი კანდიდატები წელს არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც ჰყავდა. ახალგაზრდები მზად არიან, საკუთარი ხმებისთვის კანონიერი გზით იბრძოლონ.

ეს არის ის მთავრი ცვლილება, რომელიც აზერბაიჯანში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოხდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდა კანდიდატებმა უბნებსა და ოლქებზე დაფიქსირებული დარღვევები შეაგროვეს და წარუდგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს აზერბაიჯანისთვის სიახლეს წარმოადგენს, რადგან 90-იანი წლების შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო ერთ წელიწადში ბევრი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელიც 90-იანი წლებიდან ახსოვს ამომრჩეველს, პოლიტიკიდან წავიდა. ეს აჩვენებს, რომ პოლიტიკურ სპექტრის განახლების პროცესი დაწყებულია. იცვლება ოპოზიციაც. პარლამენტშიც ვხედავთ ახალი ტიპის ოპოზიციას.

თქვენ ახსენეთ საპროტესტო აქცია, რომლის გამართვის ინიციატივითაც ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა აზერბაიჯანის საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი?

– ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ ზოგადად არ გამოირჩევა საპროტესტო აქციებით. მათ მსგავსი რეპუტაცია არ აქვთ. ჩემი აზრით, მათ მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის აგორება არ შეუძლიათ. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მინდა გავიხსენო პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერ ილგარ მამადოვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადება, სადაც საპროტესტო აქციას აანონსებს და იქვე კითხულობს – თუ არჩევნებზე მოქალაქეების აქტივობა დაბალი იყო, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აქციაზე ბევრ მოქალაქეს არ უნდა ველოდოთ?  ანუ ოპოზიციას თავადაც ეპარება ეჭვი, რომ ხალხის ქუჩებში გამოყვანას შეძლებს. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს აზერბაიჯანში არსებობს ინტელექტუალების ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ აზერბაიჯანში საარჩევნო, ხმების დათვლის პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, როგორც ამას ითხოვენ ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ხალხის მობილიზება პრობლემას წარმოადგენს.

მმართველ პარტიას ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება და გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. რა თქმა უნდა, კლასიკურ ოპოზიციურ პარტიებს ეს კონტაქტები და საშუალებები მეტ-ნაკლებად ასევე აქვთ, თუმცა ახალგაზრდა კანდიდატებს და ახალ სახეებს – არა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციას თავადაც ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა ხალხის აქციაზე შეკრებას. თუ დემონსტრაცია ბაქოს ცენტრში გაიმართება, მაშინ ხალხის მობილიზების შანსი მეტია. თუმცა, თუ მთავრობა აქციის გამართვას გარეუბანში მოითხოვს, როგორც ამას გასულ წლებშიც აკეთებდა, მაშინ მეეჭვება, რომ მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარება მოხერხდეს.

როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება საპარლამენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაზე?

– აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალი შემადგენლობა მუშაობას რადიკალურად განსხვავებულ გარემოსა და ვითარებაში იწყებს. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენით, როგორიცაა აშშ-ის მიერ გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია. ამიტომ, ცხადია, რომ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ჩვენი რეგიონი „ცხელი წერტილი“ იქნება. პარლამენტს და მთავრობასაც უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან გამოწვევებთან მოუწევთ გამკლავება. ბოლო წლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები აცნობიერებენ, რომ რეგიონში ვითარება იცვლება. ამის გაკონტროლება საქართველოს, სომხეთს ან აზერბაიჯანს არ შეუძლიათ. ამიტომ, აუცილებელია სიტუაციის გაანალიზება, გათვალისწინება და მოძრაობის გაგრძელება. რაც შეეხება აზერბაიჯანის ევროპასთან ურთიერთობას, პოლიტიკოსების უმეტესობას მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ განათლება ევროპასა და აშშ-ში აქვთ მიღებული და ამიტომ, უფრო მჭიდრო ურთიერთობები ექნებათ დასავლეთთან. ასევე, გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ ორი კვირის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ევროკავშირთან.

ამ ჯგუფის წევრებს შორის არის ბევრი გავლენიანი, გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს ევროკავშირთან განსხვავებული და უფრო ახლო ურთიერთობა სურს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი პარლამენტში ვერ მოხვდა, რადგან მათ ოლქებში არჩევნების შედეგები გაუქმდა. საუბარია პოლიტიკოსებზე, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი რესურსი. მიუხედავად ამისა, მათ ოლქებში შედეგები მაინც გაუქმდა და ისინი ახალ მილი მეჯლისში ვერ მოხვდებიან. ეს ნიშნავს, რომ ეუთო-ს პოზიცია გარკვეულწილად გათვალისწინებულია. ეუთო-ში განაცხადეს, რომ მზად არიან აზერბაიჯანის მთავრობასთან სხვადახვა საკითხზე სამუშაოდ. აზერბაიჯანის მთავრობამ ეს გზავნილი მიიღო და გაითვალისწინა. საინტერესოა ისიც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტონი არჩვენების შემდეგ ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული დასკვნის შეფასებისას შერბილებული იყო.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებიდან ჩანს, რომ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში ბევრი ძველი სახე მოხვდება, მაშინ რა საჭირო იყო ვადამდელი კენჭისყრა?

– ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში 40 ახალი დეპუტატი მოხვდა. ამას უნდა მივამატოთ ოთხ ოლქში გაუქმებული შედეგები. კიდევ 10 ოლქში სავარაუდოდ იგივე მოხდება. 40 დეპუტატი მნიშვნელოვანი ციფრია. ამავე დროს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ვინც საარჩევნო პროცესში კანონს არღვევდა, დაისჯება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ოცდამეერთე საუკუნის პრობლემებს მეოცე საუკუნის აზროვნების მქონე ხალხი ვერ გადაწყვეტს. ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიევს სურს პოლიტიკური სპექტრის განახლება და ეს ცვლილებები გაგრძელდება.