რა სასჯელი გამოუტანეს რუსულ სპორტს - WADA-ს გადაწყვეტილების ყველა პუნქტი
როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მკაცრად დასაჯა რუსეთი მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში მანიპულაციებისთვის. გადაწყვეტილება WADA-ს აღმასკომმა ერთხმად მიიღო – 12 წევრი დაეთანხმა რუსული სპორტის ოთხი წლით „დახურვას“.
მთავარი სასჯელი, რა თქმა უნდა, ოთხწლიანი დისკვალიფიკაციაა, თუმცა, სანქციების სრულ სიაც საინტერსოა:
1. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ისევ ჩამოართვეს ანალოგიურ საერთაშორისო სააგენტოსთან შესაბამისობის სტატუსი. რუსულმა ორგანიზაციამ უფლებამოსილების აღდგენის შემდეგ, მხოლოდ ერთი წელი იმუშავა ნორმალურად. მაგრამ რუსეთს ისევ შეექმნა პრობლემები დოპინგ-ტესტირებასთან და რუსი სპორტსმენების სტარტებზე დაშვებასთან დაკავშირებით, ასე რომ, სტატუსი ისევ დაკარგულია.
2. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთი ვერ მიიღებს დიდ საერთაშორისო ტურნრებს და ვერც მათ მასპინძლობაზე წამოაყენებს კანდიდატურას.
დიდი ალბათობით, რუსეთს ჩამოართმევენ ჰოკეიში (2023) და ფრენბურთში (2022) მსოფლიოს ჩემპიონატებს, ზაფხულის უნივერსიადას, საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს (2025). რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგში ევრო 2020-ს მატჩებსა ჩემპიონთა ლიგის ფინალს, მათ, სავარაუდოდ, სანქციები არ შეეხებათ.
3. რუსი სპორტსმენები ოთხი წელი საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ – დროშისა და ჰიმნის გარეშე. სწორედ ასე მოხდა პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, სადაც გამოდიოდა ოლიმპიური ათლეტების გუნდი რუსეთიდან.
ნეიტრალური სტატუსით ტურნირებზე დაუშვებენ მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ოთხ კრიტერიუმს:
* ისინი არ იყვნენ მოხსენიებულნი რიჩარდ მაკლარენის ცნობილ ანგარიშში, რომელიც ეხებოდა რუსულ სპორტში დოპინგს.
* მათ არ ჰქონდათ დადებითი დოპინგ-სინჯები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც არსებობდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ბაზაში.
* მათი მონაცემები არ გაყალბებულა რუსული მხარის მიერ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის სინჯების მანიპულაციების დროს.
* მათ გაიარეს დოპინ-კონტროლი იმ მოცულობით, რომლითაც ითხოვს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო.
4. რუსი ჩინოვნიკები ვერ იქნებიან საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში საბჭოებისა და კომიტეტების წევრები (ამ სიაში შედის ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია). მათ, აგრეთვე, ეკრძალებათ დიდ ტურნირებზე დასწრება: ოლიმპიადები, პარალიმპიადები და იუნიორთა თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატები.
5. რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები ვერ დაესწრებიან სპორტულ ტურნირებს.
* * *
რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, შესარჩევი ტურნირის გავლის შემთხვევაში, რუსეთი ფინალურ ეტაპზე ნეიტრალური სტატუსით იქნება დაშვებული – არანაირი დროშა და ჰიმნი. თითოეული ფეხბურთელი იძულებული გახდება გაიაროს ფინალურ ტურნირზე დაშვების ინდივიდუალური პროცედურა.
ამასთან, აკრძალვა არ შეეხება ევრო 2020-ს, რადგან უეფა არ მიიჩნევა ანტისადოპინგო წესების კონტექსტში მსხვილი ტურნირების ორგანიზატორად.
რუსულ მხარეს 21 დღე აქვს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.