რუსული სააგენტოს მტკიცებით, ფიფას რუსეთის ნაკრები მუნდიალიდან არ მოუკვეთია
რუსული სააგენტოს მტკიცებით, ფიფას რუსეთის ნაკრები მუნდიალიდან არ მოუკვეთია

რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ფიფას (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია) კომენტარი ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს 2022 წელს ყატარში დაგეგმილ მსოფლიო თასის მონაწილეობა აეკრძალა.

„ჩვენი დეკემბრის განცხადებაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. მაშინ განვმარტეთ, რომ ფიფა WADA-სთან (მსოფლიოს ანტისადოპინგო კომიტეტი) და ASOIF-თან (ზაფხულის ოლიმპიური სპორტის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია) მუდმივ კავშირშია. ეს ეხება WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების ფეხბურთში გავრცელების შესახებ” – წერს სააგენტო.

„ტასის“ ცნობით, ეს კომენტარი მათთან ფიფას პრესსამსახურში გააკეთეს. დეკემბერში კი ფიფაში არ დაადასტურეს, რომ რუსეთს საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოკვეთდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, უმსხვილესი არაბული სპორტული არხი „beIN SPORTS” იტყობინებოდა, რომ მსოფლიო ანტი-სადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს აცნობა, რომ მათ საფეხბურთო ნაკრებს ყატარში მსოფლიო თასზე მონაწილეობა აეკრძალა.

9 დეკემბერს, WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს ოთხი წლით ძირითადი საერთაშორისო ტურნირებიდან (ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები) მოკვეთა. WADA-მ რუს სპორტსმენებს გამოსვლა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დართო. ასეთი სანქციები იქნა მიღებული იმის გამო, რომ WADA-ს ხელმძღვანელთა მტკიცებით, რუსეთმა განზრახ შეცვალა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის მონაცემები, რომელიც ორგანიზაციის ექსპერტებს გასული წლის იანვარში გადაეცათ.

ამას გარდა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ჩამოერთვა სტატუსი, ხოლო რუსეთს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაც ეკრძალება. WADA– ს გადაწყვეტილებას რუსეთი არ ეთანხმება და საქმე ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოშია გადაცემული.