რა მოხდა ქერჩის სრუტეში 
რა მოხდა ქერჩის სრუტეში 

რუსმა მესაზღვრეებმა კვირას, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ხომალდებმა უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას განიხილავს.

შეჯახება 

მცირე ზომის უკრაინულმა დაჯავშნულმა კატარღებმა  „ბერდიანსკიმ“ და „ნიკოპოლიმ“ ასევე ბუქსირმა „იანი კაპუმ“ 25 ნოემბრის დილას ოდესის პორტიდან მარიუპოლისკენ გეგმიური გადაადგილება დაიწყეს. ქერჩის სრუტესთან მათ რუსული სასაზღვრო ხომალდები დახვდათ, ერთ-ერთი მათგანი უკრაინულ ბუქსირს დაეჯახა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინულმა ხომალდებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და „არამართლზომიერად შევიდნენ დროებით დახურულ აკვატორიაში“.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში კი, აცხადებენ, რომ რუსული მხარე ამ გადაადგილების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინელებმა ინციდენტის ადგილისკენ აზოვის პორტ ბერდიანსკიდან „გიურზას“ კლასის ორი დაჯავშნული საარტილერიო ხომალდი გაგზავნეს. მოგვიანებით კი, ხომალდები უკან გააბრუნეს. რუსეთმა ქერჩის სრუტის ჰაერიდან პატრულირებისთვის Су-25-ის ტიპის მოიერიშე და Ка -52 –ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები გაგზავნა.

სრუტის დახურვა

სრუტე კვირას, შუადღეს დაიხურა. ყირიმის ხიდის ქვეშ ხომალდი გაჩერდა და სანაოსნო მარშრუტი გადაკეტა. რუსეთმა თავდაპირველად ეს ფაქტი ტანკერის მეჩეჩზე შეჯდომად განმარტა, თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქერჩის სრუტე სამოქალაქო ხომალდებისთვის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დახურეს.

ჯერ უკრაინამ შემდეგ კი, რუსეთმა კვირას საღამოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ხომალდმა უკრაინული ხომალდების მიმართულებით ცეცხლი გახსნა და გემები დააკავა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დაახლოებით 19:00 საათისთვის უკრაინულ კატარღებს რუსეთის საზღვაო ტერიტორიის საზღვრებში „მორიგი უკანონო ქმედების მცდელობა ჰქონდათ“, ამასთან, ასრულებდნენ სახიფათო მანევრებს და არ ემორჩილებოდნენ დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ მოთხოვნას.

„უკრაინული სამხედრო ხომალდების იძულებითი შეჩერების მიზნით, გამოყენებულია იარაღი, რის შედეგადაც სამი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა“,-ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარის მტკიცებით კი, რუსეთმა იარაღი უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ გამოიყენა იმ დროს, როდესაც ისინი ოდესაში ბრუნდებოდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვიქტორ მუჟენკოს განცხადებით, მათ სრუტეში გავლის შესახებ რუსეთის მხრიდან 17:00 საათამდე ვერავითარი ინფორმაცია ვერ მიიღეს, რის გამოც უკრაინულმა ხომალდებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მოცდის ზონიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ გადაადგილების დროს ყირიმის სანაპიროდან დაახლოებით 13-14 მილის მოშორებით, ქერჩიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის რაიონში, ხომალდებს, რომელთაც მიაცილებდნენ რუსული გემები, ცეცხლი გაუხსნეს“,-განაცხადა ვიქტორ მუჟენკომ.

ეკიპაჟისა და ხომალდების ბედი

ვიქტორ მუჟენკოს ინფორმაციით, დაკავებულ ხომალდებზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კავშირი ამ დროისთვის აღარ არსებობს.

„მეზღვაურთა ბედი უცნობია, გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ ექვს დაშავებულზე, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა“,-განაცხადა მან.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, სამ დაშავებულ უკრაინელს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ორშაბათს ქერჩის საავადმყოფოზე დაყრდნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაკავებული ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

ბრალდებები

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან შავ და აზოვის ზღვაში პროვოკაციული ქმედებები საზღვარს სცდება და აგრესიული გახდა“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„მათი მიზანია, შექმნან კონფლიქტური ვითარება ამ რეგიონში“, – აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

სამხედრო მდგომარეობა

კვირას, 25 ნოემბერს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია და ინციდენტი „სამხედრო აგრესიის აქტად“  შეაფასა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აუცილებელია საომარი მდგომარეობის შემოღება.

გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც ორშაბათს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე საგანგებო სესიას გამართავს.

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის დადგენილებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე გადადის პოლიციაც.

საერთაშორისო რეაქცია

ნატო-მ და ევროკავშირმა მხარეებს თავშეკავებისა და ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდეს. ორშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭო ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს. ასევე დაგეგმილია ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომაც.