ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინის გვერდითი ეფექტები შეიძლება გარკვეულწილად სარისკო იყოს ძალიან მოხუცი, მძიმე ავადმყოფობის ტერმინალურ ფაზაში მყოფი ადამიანებისთვის.
სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაფიქსირდა 23 ადამიანის სიკვდილი, მათგან 13-ის შემთხვევაში აუტოფსია უკვე ჩატარებულია, ზოგადად კი, მიმდინარეობს ყველა შემთხვევის დეტალური კვლევა.
ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს მთავარი ექიმის, სიგურდ ჰორტემოს განცხადებით, ყველა ეს შემთხვევა იძლევა იმის ვარაუდის საბაბს, რომ ვაქცინის ზოგადმა გვერდითმა ეფექტებმა, მაგალითად, სიცხემ და ღებინებამ, შეიძლება გარკვეული წვლილი შეიტანა ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფის გარდაცვალებაში.
BioNTec/Pfizer-ის დიდ კლინიკურ ცდებში ნაკლებად მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის არასტაბილური მდგომარეობის ან მწვავე დაავადებების მქონე პაციენტები; ამავე დროს, კლინიკურ ცდებში 85-90 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა შედარებით ცოტა იყო.
„ნორვეგიაში ამჟამად ვაქცინაციას ვუტარებთ ძლიერ ხანდაზმულებს და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს, მათ შორის მათაც, ვისაც სერიოზული თანმხლები დაავადებები აქვთ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის თარიღთან ახლოს სიკვდილის შემთხვევები ისედაც დადგეს“, — წერს სააგენტო.
მედიკამენტების სააგენტო იქვე აღნიშნავს, რომ ნორვეგიის მოხუცებულთა თავშესაფრებში და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში ყოველკვირეულად საშუალოდ 400 ადამიანი იღუპება.
„ვიდრე დეტალური შესწავლა დასრულდება, არ შეგვიძლია იმის გამორიცხვა, რომ ვაქცინაციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა გვერდითმა რეაქციებმა (როგორებიც არის სიცხე და ღებინება), შეიძლება, მდგომარეობა უფრო გაართულა და ფატალური შედეგი გამოიღო ძალიან მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში“, — წერს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის განცხადებით კი, ყველაზე მძიმე ავადმყოფებში ვაქცინის შედარებით მსუბუქ გვერდით ეფექტებსაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
„მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც ისედაც ძალიან ხანმოკლე სიცოცხლეღა აქვთ დარჩენილი, ვაქცინის სარგებელი შეიძლება მარგინალური ან შეუსაბამო იყოს“, — აღნიშნავს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი.
როგორც იქვე აღნიშნულია, რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელმა ადამიანებმა ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ.
Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებლები, Pfizer-ი და BioNTech-ი გარდაცვალების შემთხვევებს ნორვეგიის მარეგულირებელთან ერთად სწავლობენ. როგორც Pfizer-ი Bloomberg-ისთვის მეილზე გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო ინციდენტების რაოდენობას საგანგაშოდ არ თვლის და მიიჩნევს, რომ სრულიად შეესაბამება მოლოდინებს.
აღსანიშნავია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისადმი ალერგიული რეაქციები იშვიათია. დეკემბერში აშშ-ში ვაქცინის პირველი დოზა 1,9 მილიონი ადამიანს გაუკეთდა, მწვავე ალერგიული რეაქცია მათგან 21-ს გამოუვლინდა; ყველა მათგანი რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 11,1 შემთხვევას ნიშნავს ყოველ მილიონ ადამიანზე.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კლინიკური ცდების დასკვნით ფაზაში 44 000 მოხალისე მონაწილეობდა; მწვავე ალერგიული რეაქციის ან სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ცდაში 80-90 წელს გადაცილებული ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ზოგადად, მონაწილეთა საშუალო ასაკი 50-60 წელი იყო. მსოფლიოს მრავალ ადგილას დღეისათვის ძირითადად 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა ვაქცინაცია მიმდინარეობს, ძირითადად მოხუცებულთა თავშესაფრებში, რადგან ამ ასაკის ადამიანები ვირუსის ყველაზე დიდ რისკჯგუფად მიიჩნევა.
ნორვეგიაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ამჟამად დაახლოებით 33 000 ადამიანს აქვს გაკეთებული. ქვეყანაში ფოკუსი ძირითადად რისკჯგუფებზე გაკეთდა, ადამიანებზე, რომლებსაც ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხე უქმნის, მათ შორის ძლიერ ხანდაზმულებზე. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, 23 გარდაცვლილიდან სამ-მეოთხედზე მეტი 80-90 წელს გადაცილებული იყო.
ვაქცინაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ ერთი უმძიმესი ავადმყოფი გარდაიცვალა საფრანგეთში. თუმცა, როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება აღნიშნავს, პაციენტის წინა სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ სიკვდილი ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. საფრანგეთის ფარმაცევტული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, დაფიქსირდა მწვავე ალერგიული რეაქციის ოთხი შემთხვევაც.
ევროპის მასშტაბით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინაციის უსაფრთხოების პირველი ანგარიშის გამოქვეყნება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.
ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ამჟამად ისრაელშია აცრილი. ქვეყნის მოსახლეობა 9,2 მილიონს შეადგენს და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით იმუნიზაცია (სულ მცირე ერთი დოზა) უკვე ჩაუტარდა მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს. გარდაცვალების ან სერიოზული გვერდითი ეფექტების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ადრეული შედეგები მიუთითებს, რომ ისრაელში, ვაქცინირებულ ადამიანთა ჯგუფში, პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, COVID-19-ის ინფექციის მაჩვენებელმა კლება დაიწყო.
ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერის, Clalit Health Services-ის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.