რა კვალი დატოვა სტივენ ჰოკინგმა მეცნიერებაში - ფიზიკოსის ცხოვრება და ძირითადი აღმოჩენები
რა კვალი დატოვა სტივენ ჰოკინგმა მეცნიერებაში - ფიზიკოსის ცხოვრება და ძირითადი აღმოჩენები

ლეგენდარული ფიზიკოსი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ნაშრომებმა სამყაროს წარმოშობისა და სტრუქტურის შესახებ, დიდი აფეთქებიდან დაწყებული, შავი ხვრელებით დამთავრებული, მეცნიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

რით მოიხვეჭა სახელი ჰოკინგმა? კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვის მეცნიერებაში? აღმოაჩინა თუ არა მან შავი ხვრელები ან დიდი აფეთქება? გაარკვია თუ არა, რა არის სინამდვილეში დრო?

მიუხედავად მთელი მისი სიდიადისა, ჰოკინგის შესახებ მრავალი მითიც არსებობს.

ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები და აღმოჩენები

რთული ცხოვრება

ბრიტანელი კოსმოლოგი სტივენ უილიამ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს, ინგლისის ქალაქ ოქსფორდში დაიბადა, სახელგანთქმული ასტრონომის, გალილეო გალილეის გარდაცვალების დღეს, ზუსტად 300 წლის შემდეგ.

ჰოკინგი და მისი პირველი მეუღლე, ჯეინ ვაილდი

ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობდა ფიზიკას, თუმცა მამამისი მედიცინის კურსზე გადასვლას აიძულებდა. ამის შემდეგ, კოსმოლოგიის შესასწავლად ჰოკინგი კემბრიჯის უნივერსიტეტში გადავიდა.

1963 წელს, 21 წლის ჰოკინგს მოტონეირონული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც ასევე უწოდებენ ლუ გერიგის დაავადებას ან ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს. ექიმები ორ წელზე მეტხანს სიცოცხლის იმედს არ აძლევდნენ. სტივენი სადოქტორო ნაშრომის დასრულებასაც ვერ მოასწრებდა… თუმცა, ჰოკინგმა დაარღვია ყველანაირი პროგნოზი და არა მხოლოდ დოქტორის ხარისხი მიიღო, არამედ ათწლეულობის განმავლობაში მოღვაწეობით სრულიად ახალი გზები გაუხსნა სამყაროს ჩვენეულ გაგებას.

ჰოკინგის პირველი ცოლი და შვილები

დაავადების გაძლიერებასთან ერთად, ჰოკინგს გადაადგილება სულ უფრო უჭირდა და სავარძლის გამოყენება დაიწყო. უჭირდა ლაპარაკიც. 1985 წელს საჭირო გახდა ტრაქეაში სპეციალური მილის ჩადგმა, რამაც ჰოკინგს ლაპარაკის უნარი სრულად წაართვა. კემბრიჯის უნივერსიტეტში შექმნილი სპეციალური მოწყობილობა სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით, წარმოქმნიდა ჰოკინგის ელექტრონულ ხმას. ფიზიკოსი საჭირო სიტყვებს სახის კუნთების მოძრაობით არჩევდა, რასაც კომპიუტერი აღიქვამდა.

დიაგნოზამდე ცოტა ხნით ადრე, ჰოკინგი შეხვდა ჯეინ ვაილდს, რომელთანაც 1965 წელს იქორწინა. განქორწინებამდე წყვილს სამი შვილი შეეძინა. 1995 წელს ჰოკინგმა კვლავ იქორწინა, თუმცა 2006 წელს განქორწინდა.

ბრწყინვალე გონება

სწავლის დასრულების შემდეგ, ჰოკინგმა მოღვაწეობა კემბრიჯის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად განაგრძო, მოგვიანებით კი პროფესიონალი თანამშრომელი გახდა.

1974 წელს მიიღეს სამეფო საზოგადოებაში, მეცნიერთა მსოფლიო გაერთიანებაში. 1979 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში მიანიჭეს ლუკასიელი პროფესორის ხარისხი მათემატიკაში — ყველაზე მაღალი აკადემიური სტატუსი მსოფლიოში. ეს წოდება ასევე ჰქონდა ისააკ ნიუტონს.

კარიერის მანძილზე, ჰოკინგი სწავლობდა სამყაროს წარმმართველ ძირითად კანონებს. წამოაყენა მოსაზრება, რომ თუ სამყაროს აქვს დასაწყისი — დიდი აფეთქება, აუცილებლად ექნება დასასრულიც. კოლეგა კოსმოლოგ როჯერ პენროსთან მუშაობისას წარმოადგინა იდეა, რომლის მიხედვითაც, იქიდან გამომდინარე, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, დრო და სივრცე სამყაროს დაბადებისას იწყება და შავ ხვრელებში მთავრდება, დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო აინშტაინის თეორიისა და კვანტური თეორიის გაერთიანების საჭიროება.

შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი, მხატვრული წარმოსახვა

ორივე თეორიის ერთობლივად გამოყენებით, ჰოკინგმა ასევე განსაზღვრა, რომ შავი ხვრელები სულაც არ არიან წყნარი, გამოყოფენ გარკვეულ რადიაციას, რომელსაც მოგვიანებით „ჰოკინგის რადიაცია“ უწოდეს. იწინასწარმეტყველა, რომ დიდი აფეთქების შემდეგ, წარმოიქმნა პროტონის ზომის შავი ხვრელები, რომლებსაც მართავდა როგორც ზოგადი ფარდობითობა, ისე კვანტური მექანიკა.

2014 წელს ჰოკინგმა თავის თეორიას გადახედა. როგორც ის წერდა, შავი ხვრელები სულაც არაა კოსმოლოგების ტრადიციული გაგების შესაბამისი. მისმა თეორიამ უარყო „მოვლენათა ჰორიზონტის“ არსებობა. მოვლენათა ჰორიზონტი არის ზონა შავ ხვრელთან, საიდან გაქცევაც არაფერს ძალუძს. ამის სანაცვლოდ შემოგვთავაზა, რომ იქ უნდა არსებობდეს „ხილული ჰორიზონტი“, რომელიც უნდა იცვლებოდეს შავ ხვრელში მიმდინარე კვანტური ცვლილებების შესაბამისად. თუმცა, ეს თეორია კვლავ საკამათოა.

ჰოკინგმა ასევე წამოაყენა მოსაზრება, რომ სამყაროს საზღვრები არ აქვს, დედამიწის მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ თავად პლანეტას საზღვრები გააჩნია, მის გარშემო მოძრაობა შესაძლებელია უსაზღვროდ, უსასრულოდ, არასოდეს შეხვდებით კედელს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დასასრული“.

ჰოკინგის წიგნები

ჰოკინგი პოპულარული მწერალიც იყო. მისი პირველი წიგნი „დროის მოკლე ისტორია“ 1988 წელს გამოქვეყნდა და სულ მალე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. წიგნში ჰოკინგის ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს დაბადებისა და სიკვდილის შესახებ.

„დროის მოკლე ისტორია“ 35 ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარი.

„დროის მოკლე ისტორია“

პირველივე თავში ჰოკინგი წერს:

„ცივილიზაციის გარიჟრაჟის შემდეგ, ადამიანთა უკმაყოფილებას იწვევდა აუხსნელი მოვლენები. თუმცა, მათ გააჩნდათ სამყაროში არსებული წესრიგის გაგების უნარი. დღეს ჯერ კიდევ აქტიურად ვილტვით გავიგოთ, რატომ ვართ აქ და საიდან მოვედით. კაცობრიობის ღრმა სურვილი შემეცნებისადმი საკმარისია იმისათვის, რათა მუდმივად ვიყოთ ძიებაში. ჩვენი მთავარი მიზანი კი სხვა არაფერია, თუ არა იმ სამყაროს სრული სურათის დახატვა, რომელშიც ვცხოვრობთ“.

გარდა ამისა, ჰოკინგმა ასევე დაწერა არამეცნიერთათვის არამხატვრული ნაწარმოებები: „სამყარო კაკლის ნაჭუჭში“, „დიდი მონახაზი“ და „დგომა გიგანტთა მხრებზე“.

მან და მისმა ქალიშვილმა, ლუსი ჰოკინგმა საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის შექმნეს მხატვრული სერიალები სამყაროს წარმოშობის შესახებ. მათ შორის აღსანიშნავია „ჯორჯი და დიდი აფეთქება“.

ჰოკინგი რამდენჯერმე გამოჩნდა ტელევიზიაშიც. საკუთარი ჰოლოგრამა ითამაშა სატელევიზიო სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“.

2014 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი ჰოკინგის ცხოვრების შესახებ. „ყველაფრის თეორიამ“ თავად მეცნიერის მოწონებაც დაიმსახურა და აღნიშნა, რომ ფილმი ზუსტად ასახავდა მის ცხოვრებას.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად ქმედუუნარო ვარ, წარმატებული აღმოვჩნდი ჩემს სამეცნიერო საქმიანობაში. ბევრი ვიმოგზაურე. ვიყავი ანტარქტიდაზეც და აღდგომის კუნძულზეც, ჩავყვინთე წყალქვეშ და გამოვცადე ნულოვანი გრავიტაციაც, იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს კოსმოსშიც წავალ“, — წერდა ჰოკინგი 2014 წელს Facebook-ზე.

სტივენ ჰოკინგის გამონათქვამები

  • „მთელი ჩემი ცხოვრება მოჯადოებული ვიყავი ჩვენ წინაშე არსებული უდიდესი შეკითხვებით. ვცდილობდი მათზე სამეცნიერო პასუხები გამეცა. თუკი შენ ჩემსავით უყურებ ვარსკვლავებს და ცდილობ შეიგრძნო ის, რასაც ხედავ, დაიწყე იმის გააზრება, რატომ და როგორ არსებობს სამყარო“.

 

  • „მეცნიერება პროგნოზირებს, რომ არაფრისგან შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა სახის სამყაროს სპონტანურად შექმნა. ეს უკვე შანსია და სწორედ ამის წყალობით ვარსებობთ ჩვენ“.

 

  • „მეცნიერების მთელი ისტორია იყო იმის თანდათანობით გააზრება, რომ მოვლენები თვითნებურად კი არ ხდება, არამედ ასახავს გარკვეულ ძირითად წესრიგს, რომელიც მათ საფუძვლად უდევს და რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ღვთაებრივი გზით შექმნილი“.

 

  • „დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილ რადიაციას (მიკროტალღური ფონური რადიაცია) თქვენს მიკროტალღურ ღუმელზე ნაკლები სიმძლავრე აქვს“.

 

  • „ყოველ ჩვენს მოქმედებაში უნდა ვეძიოთ უდიდესი ღირებულება“.

 

  • „წყნარ და მშვიდ ადამიანებს ყველაზე ძლიერი და მახვილი გონება აქვთ“.

 

  • „ცოდნის მთავარი მტერი არის არა უმეცრება, არამედ ცოდნის ილუზია“.

 

  • „ინტელექტი არის ცვლილებებისა და ადაპტაციის უნარი“.

  • „უცნობია, აქვს თუ არა ინტელექტს გრძელვადიანი გადარჩენის რაიმე ღირებულება“.

 

  • „ბევრი დრო მქონდა ჩემს ქმედუუნარობაზე დასაბოღმად, მაგრამ მხოლოდ ერთი ცხოვრება მაქვს და ვფიქრობ, ის არც თუ ისე ცუდად გავლიე. დრო არასოდეს გექნებათ, თუ ყოველთვის გაბრაზებული ხართ და რაღაცაზე წუწუნებთ“.

 

  • „გახსოვდეთ, მუდამ მაღლა იყურეთ, უცქირეთ ვარსკვლავებს და არა დაბლა, თქვენს ფეხებს. შეეცადეთ იგრძნოთ, რასაც ხედავთ; გაოცდით იმით, რის გამო და რატომ არსებობს სამყარო.

 

  • „იყავით ცნობისმოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება შესაძლოა რთული ჩანდეს, ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც წარმატებით შეგიძლიათ. არასოდეს დათმოთ“.

 

  • „ვხარობ იმ უიშვითესი შესაძლებლობით, რომელიც მომეცა — დავიბადე ადამიანად, მოაზროვნე არსებად. მაგრამ იქვე ვაცნობიერებ, რომ გონებას სხეულიც სჭირდება, რომელიც სამუდამოდ არ მექნება“.

 

  • „სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ არ მეჩქარება მასთან შეხვედრა. ჯერ უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი“.

ჰოკინგის გამონათქვამთა სია არასრული იქნება მისი ზოგიერთი ძალიან საკამათო განცხადების გახსენების გარეშე.

იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ თუ ადამიანებს გადარჩენა სურდათ, აუცილებლად მოუწევდათ დედამიწის დატოვება.

„ძალიან რთული იქნება მომდევნო ას წელიწადში კატასტროფის თავიდან აცილება. შესაძლოა, სულ რაღაც ათასი წელიღა დაგვრჩა… გრძელვადიანი გადარჩენის ერთადერთი შანსია არა დედამიწაზე დარჩენა და გამოსავლის ძებნა, არამედ კოსმოსში გაჭრა და გავრცელება“, — აღნიშნავდა ჰოკინგი 2010 წელს.

„კაცობრიობის მომავლისთვის უნდა განვაგრძოთ კოსმოსში გასვლა. ვფიქრობ, შემდეგ ათას წელიწადში დავიღუპებით, თუ მანამდე ჩვენი მყიფე პლანეტიდან არ გავიქეცით“, — აღნიშნავდა ჰოკინგი 2016 წლის ნოემბერში.

„სივრცეს თანდათან ვავიწროვებთ და წასასვლელი ერთადერთი ადგილი მხოლოდ სხვა პლანეტებია. დროა ვეძებოთ სხვა ვარსკვლავური სისტემები. გაქცევა და უცხო პლანეტებზე გავრცელება შეიძლება ერთადერთი გზა იყოს საკუთარი თავისგან გადასარჩენად. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს პლანეტის დატოვება მოუწევთ“, — ამბობდა 2017 წლის ივნისში.

ჰოკინგი ასევე აღნიშნავდა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია.

„დროში მოგზაურობას მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში იყენებენ, მაგრამ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია გვაძლევს საშუალებას, დრო-სივრცე იმდენად გავამრუდოთ, რომ გავფრინდეთ რაკეტით და უკანაც დავბრუნდეთ მანამ, სანამ მას საერთოდ შევქმნით. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვწერდი იმ გარემოებათა შესახებ, რომელშიც ეს შესაძლებელი გახდება. ვაჩვენე, რომ ეს მოითხოვს უარყოფითი ენერგიის სიმკვრივის მქონე მატერიას, რომელიც შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ იყოს. ჩემმა კვლევამ სხვა მეცნიერები წაახალისა და ამ თემაზე სხვა კვლევებიც გამოაქვეყნეს“, — უთხრა ჰოკინგმა გამოცემა Parade-ს 2010 წელს.

„მეცნიერება მხოლოდ მიზეზთა დისციპლინა როდია, ის ნამდვილი პოემა და გატაცებაა“.

ფიზიკის თეორეტიკოსი ასევე შიშობდა, რომ რობოტებს შეიძლება გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკაზე ჰქონდეთ, არამედ კაცობრიობის აპოკალიფსის მიზეზიც გახდნენ.

„სრული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება, კაცობრიობის აღსასრული გამოიწვიოს“, — უთხრა ჰოკინგმა 2014 წელს BBC-ის.

როგორც ის აღნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ სასარგებლო შედეგები მოიტანა, ძალიან საშიშია მათი თვითგამრავლების პოტენციალი.

„საკუთარ თავს ის თავად დაეპატრონება, შეცვლის და გაზრდის. ამ დროს ადამიანები შეზღუდული არიან ნელი ბიოლოგიური ევოლუციით და ხელოვნურ ინტელექტს ვერ აჯობებენ“, — ამბობდა ჰოკინგი.

„ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებულია. ვშიშობ, ხელოვნური ინტელექტი სრულად ჩაანაცვლებს ადამიანებს“, — უთხრა ჰოკინგმა 2017 წლის ნოემბერში გამოცემა WIRED-ს.

 

ჰოკინგი აღიარებული ათეისტიც იყო და ზოგჯერ რელიგიის თემატიკაშიც იჭრებოდა.

„იმის გამო, რომ გვაქვს თუნდაც გრავიტაციის კანონი, სამყაროს შეუძლია საკუთარი თავი შექმნას არაფრისგან. სპონტანური შექმნა არის მიზეზი იმისა, რომ არაფერზე მეტი მხოლოდ არაფერია, ეს ისაა, რის გამოც სამყარო არსებობს, ჩვენ ვარსებობთ. სულაც არაა საჭირო ღმერთის მოხმობა სამყაროს დასაბამის ფითილზე ცეცხლის წასაკიდებლად“, — წერს ჰოკინგი თავის წიგნში „დიდი მონახაზი“.

„ტვინს ვუყურებ როგორც კომპიუტერს, რომელიც მუშაობას წყვეტს მაშინ, როცა მისი რომელიმე კომპონენტი მწყობრიდან გამოდის. გაფუჭებულ კომპიუტერთათვის არც შემდეგი ცხოვრება არსებობს და არც სამოთხე. ეს გახლავთ ნამდვილი ამბავი, რომლისაც ხალხს ასე ეშინია“, — უთხრა ჰოკინგმა 2011 წელს The Guardian-ს.

„სანამ მეცნიერებაში გავერკვევით, სრულიად ბუნებრივია გვჯეროდეს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. მაგრამ ახლა მეცნიერება გაცილებით დამაჯერებელ ახსნას გვთავაზობს. მე ათეისტი ვარ“, — უთხა ჰოკინგმა 2014 წელს ინტერვიუში გამოცემა El Mundo-ს.

და ბოლოს, ალბათ სიმბოლურია, რომ ჰოკინგი დაიბადა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ასტრონომის, გალილეო გალილეის გარდაცვალების დღეს და დაიღუპა მსოფლიო გენიის, ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს.

ნახვამდის, პროფესორო ჰოკინგ… მსოფლიოს ნამდვილად დააკლდებით და მოენატრებით!

 

მომზადებულია space.com-ის, The Washington Post-ის, The Telegraph-ისა და BBC-ის მიხედვით