ტყის ხანძარი ბუნებრივი მოვლენაა და ტყეებსაც მასთან ერთად უწევს განვითარება. რაც არ უნდა გამანადგურებელი იყოს, ხანძრის შემდეგ, ტყე ხშირად აღდგენას ახერხებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ტყის ხანძარი იმდენად ძლიერია და იმდენად სასტიკ ზიანს აყენებს ნიადაგს, რომ აღდგენას წლები და ათწლეულები ესაჭიროება.
მას შემდეგ, რაც ტყეში ხანძარი ჩაქრება, ქარისა თუ ფრინველების დახმარებით, უცხო ლანდშაფტზე პირველად ახალი სახეობები ჩნდება და ვრცელდება. ხშირად, ამ მტკიცე სახეობებს განსაკუთრებული ადაპტაციის უნარი აქვს, რათა კარგად მოერგოს და შეეთავსოს ხანძრისშემდგომ გარემოს. ზრდასთან ერთად, ეს მცენარეები წარმოქმნიან გარემო პირობებს, რომელიც თავდაპირველ ტყეში არსებულ სახეობათა დაბრუნებისთვისაა საჭირო. მაგალითად, ხანძრის შემდეგ, კანადის ზოგიერთ ტყეში ერთ-ერთი პირველი ვერხვი გამოჩნდა, მათ ჩრდილში კი ზრდა უკვე შესძლო ტყეში ხანძრამდე გავრცელებულმა ჩრდილოამერიკულმა შავმა ნაძვმა. თანდათანობით, თავდაპირველი სახეობები უკვე მნიშვნელოვნად გავრცელდა, ახლადმოსულ სახეობებს გადააჭარბა და მათი ადგილიც დაიკავა. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი სახეობები დომინანტი გახდა, მათ ისეთივე ტყე წარმოქმნეს, რომელიც იქ ხანძრამდე არსებობდა. ერთად თავმოყრილი უსარგებლო ბუნებრივი ნარჩენები კარგი საწვავია კიდევ ერთი შემდეგი ხანძრიათვის. ციკლი კვლავ მეორდება…
ზოგიერთ შემთხვევაში, ტყის ხანძრები იმდენად მძვინვარე და ინტენსიურია, რომ სერიოზულად ზიანდება და იმდენად იცვლება ნიადაგი, რომ აღდგენას შემდეგ წლები ან ათწლეულები სჭირდება. ასეთი სასტიკი ხანძრების მთავარი რისკფაქტორია ერთად თავმოყრილი ბუნებრივი ნარჩენები. თუკი ტყეში ამ ნარჩენების ფენა ხანძრამდე ძალიან სქელია, ცეცხლი ნელა გადაადგილდება და ძალიან მაღალ ტემპერატურას აღწევს. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის საჭირო პერიოდული პატარა ხანძრები ტყის ეკოსისტემის სიჯანსაღისათვის: ხდება ბუნებრივი ნარჩენების სქელი ფენის დაგროვების პრევენცია, რაც შეიძლება შემდეგში გამანადგურებელი მეგა-ხანძრების მიზეზი გახდეს.
მაღალი ტემპერატურის მქონე ხანძარმა შესაძლოა ნიადაგი წყალგაუმტარი ან ჰიდროფობიური გახადოს, რადგან ამ დროს ორთქლდება ჰიდროფობიური ნაერთები, რომლებიც ნიადაგის ნაწილაკების რეკონდენსაციაზეა პასუხისმგებელი; შედეგად, წარმოიქმნება წყალგაუმტარი ფენა. ჰიდროფობიური ნიადაგი გაცილებით ნაკლებ წყალს ისრუტავს და მცენარეებს ფესვების გადგმა უჭირთ, რის გამოც წარმოიქმნება ნიადაგის ეროზიის საფრთხე. ეროზია ნიადაგს აცლის ნაყოფიერ მიწას, წყლისგან ჩნდება ღარები, რაც ახალი სახოებების გავრცელებას ართულებს. კიდევ უფრო უარეს საფრთხეს წარმოქმნის ნაცარი, რომელიც ავსებს ფორებს და შეუძლებელს ხდის ნიადაგში წყლის შეღწევას. ძლიერი ხანძრის შემდეგ, ნიადაგი თვეობით ან წლობით რჩება ჰიდროფობიური, ნაწილაკები კი ჰიდროფობიურ ფენას მაქსიმუმ 6 წელიწადში კარგავენ.
ნელა მოძრავი ცეცხლი ანადგურებს მცენარეებსა და სოკოებს, ხდება ნიადაგის სტერილიზაცია. ცოცხალი მცენარეულობის კვებისათვის კრიტიკულ როლს ასრულებს ნიადაგში არსებული სოკოები და ბაქტერიები. ნიადაგის სტერილიზაცია ტყის აღდგენას რამდენიმე წლით უკან სწევს. იმისათვის, რომ ნიადაგის მიკრობული აქტივობა ხანძრამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ხან 12 წელია საჭირო. ტყის ინტენსიური ხანძარი ასევე ამცირებს ნიადაგში არსებული აზოტის შემცველობას, რაც უფრო რთულს ხდის მცენარეებისა და მიკრობების ხელახლა კოლონიზაციას. რაც უფრო მაღალ ტემპერატურას წარმოქმნის ცეცხლი, მით უფრო სასტიკი ხდება ეს ეფექტები.
ხანძრისშემდგომ ლანდშაფტზე შესაძლებელია მოხდეს ძლიერ ინვაზიური სახეობების შეჭრა, რომლებიც ხელს უშლიან თავდაპირველი სახეობების დაბრუნებას. მაგალითად, ინვაზიური სახეობაა შოტლანდიური ცოცხი, რომელიც სიერა-ნევადის ტყეების ხანძრების შემდეგ იქ იმდენად შეიჭრა, რომ შეუძლებელი გახდა თავდაპირველი სახეობების უკან დაბრუნება. მსგავს შემთხვევებში, თავდაპირველი ეკოსისტემა შესაძლოა არც აღარასდროს აღდგეს, რადგან მისი ადგილი უკვე დაკავებული ჰქონდეს შემოჭრილ არაადგილობრივ სახეობებს.
მომზადებულია sciencing.com-ის მიხედვით