რა ხდება თქვენს ღვიძლში, როდესაც ალკოჰოლს თავს ანებებთ — #1tvმეცნიერება
რა ხდება თქვენს ღვიძლში, როდესაც ალკოჰოლს თავს ანებებთ — #1tvმეცნიერება

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსმა პრომეთე ადამიანებისთვის ცეცხლის მიცემისთვის დასაჯა. მთაზე ჯაჭვით მიაბა და არწივი დაასვა, რომელიც მის ღვიძლს ჭამდა. ღვიძლი ყოველღამე ხელახლა იზრდებოდა და არწივი მის საჭმელად ბრუნდებოდა. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა რეალობაში ღვიძლი ხელახლა გაიზარდოს?

ღვიძლი ადამიანის სხეულის უდიდესი შინაგანი ორგანოა. საჭიროა სხეულში მიმდინარე ასობით პროცესისთვის, მათ შორის, ისეთი ტოქსინების დასაშლელად, როგორიც არის ალკოჰოლი. რადგან ის პირველი ორგანოა, რომელიც დალეულ ალკოჰოლს „ხედავს“, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე მგრძნობიარეა ალკოჰოლის ზემოქმედების მიმართ.

თუმცა, ალკოჰოლის ხანგრძლივი, დიდი ოდენობით მოხმარებისას შეიძლება სხვა ორგანოებიც დაზიანდეს, მათ შორის თავის ტვინი და გული.

ალკოჰოლის მოხმარებასთან ღვიძლის მრავალი დაავადებაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ღვიძლში ცხიმის დაგროვება (ცხიმიანი ღვიძლი), ნაწიბურის წარმოქმნა (ციროზი) და ა. შ. თუმცა, როგორც წესი, სიმპტომები დაზიანების ძალიან გვიანდელ ეტაპამდე არ ჩნდება.

პირველ რიგში, ალკოჰოლი ღვიძლს აცხიმიანებს. ამ ცხიმის გამო, ღვიძლში ანთება იწყება. საპასუხოდ, ღვიძლი საკუთარი თავის მკურნალობას ცდილობს და ნაწიბურისებრ ქსოვილს წარმოქმნის. თუ ეს შეუმჩნეველი დარჩა, მთელი ღვიძლი შეიძლება დაიფაროს ნაწიბურებით და მათ შორის მხოლოდ კუნძულების სახით დარჩეს „კარგი“ ღვიძლის ნაწილები — ეს ციროზია.

ციროზის ბოლო ეტაპებზე, როდესაც ღვიძლის უკმარისობა ვითარდება, ადამიანებს ყვითელი ფერი ედებათ, სითხით სივდებიან, არიან დაბნეულები და აქვთ ძილიანობა. ეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც კვირაში რეკომენდებულზე ზღვარზე (დაახლოებით ექვსი კათხა ნორმალური სიძლიერის [4% ალკოჰოლის მოცულობა] ლუდი ან ექვსი ჭიქა [175 მლ] ღვინო [14% ალკოჰოლის მოცულობა) მეტ ალკოჰოლს სვამენ, ცხიმიანი ღვიძლი აქვთ. ალკოჰოლის გრძელვადიანი და გადაჭარბებული მოხმარება ნაწიბურების წარმოქმნისა და ციროზის განვითარების რისკს ზრდის.

კარგი ამბავი

საბედნიეროდ, არის ერთი კარგი ამბავი. ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტიდან სულ რაღაც 2-3 კვირაში, ცხიმიანი ღვიძლის მქონე ადამიანების ღვიძლი უკვე გამოჯანმრთელებულია და ისეთივე კარგად ფუნქციონირებს, როგორც ახალი.

ალკოჰოლზე უარის თქმიდან შვიდი დღის შემდეგ, ღვიძლის ანთების ან მსუბუქი ნაწიბურების მქონე ადამიანებს, ღვიძლის ცხიმის, ანთებისა და ნაწიბურების მნიშვნელოვანი შემცირება აღენიშნებათ. ალკოჰოლზე უარის თქმიდან რამდენიმე თვეში, ღვიძლი უკვე გამოჯანმრთელებულია და ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

უფრო მძიმე მსმელებში, რომლებსაც უფრო მწვავე ნაწიბურები ან ღვიძლის უკმარისობა აქვთ, ალკოჰოლზე უარის თქმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მცირდება ღვიძლის უკმარისობის გაუარესებისა და სიკვდილის შანსი. თუმცა, მძიმედ მსმელები ალკოჰოლზე შეიძლება ფიზიკურად იყვნენ დამოკიდებული და უცაბედმა შეწყვეტამ პრობლემები შეუქმნას.

მსუბუქ ფორმებში, ეს გამოიხატება კანკალსა და ოფლიანობაში. მაგრამ მძიმე ფორმებში, შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, შეტევები და სიკვდილიც კი. მძიმე მსმელებისთვის უცაბედი შეწყვეტა არასოდეს არის რეკომენდებული და ამისათვის, მათ ექიმს უნდა მიმართონ, რომელიც ურჩევს, როგორ თქვას ალკოჰოლზე უარი უსაფრთხოდ.

სხვა სარგებელი

ალკოჰოლზე უარის თქმას დადებითი ეფექტები აქვს ძილზე, ტვინის ფუნქციონირებასა და სისხლის წნევაზე.

დიდი ხნის განმავლობაში სმისგან თავის შეკავება ასევე ამცირებს რამდენიმე ტიპის კიბოს (მათ შორის ღვიძლის, პანკრეასის და მსხვილი ნაწლავის), გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკებს.

თუმცა, ალკოჰოლი ცუდი ჯანმრთელობის ერთადერთი მიზეზი არ არის. მასზე უარის თქმას შეიძლება მრავალი სარგებელი ჰქონდეს, მაგრამ პანაცეა ნამდვილად არ არის. უნდა მივიჩნიოთ ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთ ნაწილად, რაშიც ასევე იგულისხმება დაბალანსებული კვების რაციონი და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.

ამიტომ, პრომეთეს მითის შესახებ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, დაზიანებულ ღვიძლს თვითაღდგენის გასაოცარი ძალა აქვს. თუმცა, ახალივით ვერ აღდგება, თუკი ძლიერ დანაწიბურებულია.

თუ მხოლოდ ცხიმიანი ღვიძლი გაქვთ და სმას შეწყვეტთ, ნორმალურ მდგომარეობას ის სწრაფად დაუბრუნდება. თუკი ნაწიბურიანი ღვიძლი გაქვთ და ციროზი იწყება, ალკოჰოლის შეწყვეტა მას გარკვეულწილად გამოაჯანმრთელებს და ფუნქციონირებას გაუუმჯობესებს, მაგრამ ვერ აღმოფხვრის უკვე მიყენებულ ყველა დაზიანებას.

თუ ღვიძლზე ზრუნვა გსურთ, დალიეთ ზომიერად და კვირაში ორი-სამი დღე სრულიად ალკოჰოლის გარეშე გაატარეთ. ამ გზით, აღარ იქნებით დამოკიდებული ღვიძლის თვითაღდგენის მაგიურ ძალაუფლებაზე, რათა ჯანმრთელი იყოთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.