მოდის სამყაროში ჯიბეებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებით ქალის ტანსაცმელში, შარვლებზე, პიჯაკებზე, მაისურებში, დიდი დატვირთვა აქვს ე. წ. „ყალბ“ ჯიბეებს.
რაც შეეხება ჯინსის ჯიბეებს, არსებობს ერთგვარი ლამაზი სტანდარტი, რომელიც ქალისა და მამაკაცის ჯინსებისთვის იგივეა — ორი უკანა ჯიბე, ორი წინა ჯიბე და კიდევ ერთი, რომელიმე წინა ჯიბეში ჩაკერებული კენტი, პატარა მართკუთხა ჯიბე.
მაგრამ რისთვის გამოიყენება ეს ჯიბე რეალურად? იგი საკმაოდ პატარაა მონეტების შესანახად და სმარტფონების ეპოქამდე ბევრად ადრეც გამოიყენებოდა.
ამ თავსატეხზე პასუხის გაცემა Quora forum-ში ჯინსისა და ქსოვილის ექსპერტებმა სცადეს.
ფორუმის მომხმარებელი რენატა ჯანოსკოვა ციცქნა ჯიბის საიდუმლოს ამოსახსნელად, სახელგანთქმულ ლევი სტრაუსს იშველიებს.
ლევისის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტის თანახმად, ეს ჯიბე „საათის ჯიბე“ გახლავთ, საკმარისი ზომის იმისათვის, რომ მასში ჯიბის საათი მოთავსდეს.
რენატა ჯანოსკოვას თქმით, ლევისმა ეს ჯიბე სპეციალურად კოვბოებისთვის შექმნა, რათა მათ ჯიბის საათები ეტარებინათ.
„ადრეულ 1800-იან წლებში, კოვბოები საათს ჯაჭვით წელზე შემორტყმულს ატარებდნენ. დაზიანებისა და გატეხვისგან თავის ასაცილებლად, ლევისმა სპეციალურად შეიმუშავა ეს პატარა ჯიბე, რომელშიც კოვბოებს საათების შენახვა შეეძლებოდათ“, — წერია ბლოგპოსტში.
წყარო: The Independent