მარსი უკაცრიელი, მაგრამ ამავე დროს მომაჯადოებელი ადგილია; ამის ბრწყინვალე მაგალითია ნასას სამეცნიერო ბლოგის მიერ გამოქვეყნებული დღის ასტრონომიული ფოტო. ასახულია წარმონაქმნი, რომელიც მწვერვალმოცლილ მთას ჰგავს.
ეს ფორმაცია სინამდვილეში ღრმულია. ფოტოზე თქვენ ხედავთ ლავის მილს, რომელიც მარსის ზედაპირზე შორეულ წარსულში მიმდინარე ვულკანურ აქტივობათა შედეგად არის წარმოქმნილი.
ხვრელი მდებარეობს ფარსებრ ვულკან პავონის-მონსის დასავლეთ კალთაზე; ამ ვულკანის მიმდებარე რეგიონები გამოირჩევა სუნთქვისშემკვრელად საოცარი გეოლოგიური წარონაქმნებით. მათ შორის არის გრძელი, დაკლაკნილი ლავის მილები, ციცაბო წყვეტების (ნასხლეტების) გასწვრივ დაძირული ქერქის უბნები, რომლებსაც გრაბენებს უწოდებენ, და რა თქმა უნდა, გამორჩეულია თავად ვულკანური კრატერი.
ზემოთ მოცემული სურათი მარსის გარშემო მოძრავმა ხომალდმა 2011 წელს გადაიღო და უჩვეულო შესახედაობის გამო, მაშინვე მიიპყრო მარსის მეცნიერთა ყურადღება.
უფრო ახლო კადრებით გაირკვა, რომ სინამდვილეში ის ერთგვარი გუმბათია, ამოწეული და გახსნილი ზედაპირი, რომლის ქვეშაც ლავის მილია. გახსნილია იმიტომ, რომ ხანდახან ლავის ნაკადი ზედაპირთან მყარდება და ქვემოთ დინებას განაგრძობს. დენადი ლავა შემდეგ იჟონება და მის ადგილას რჩება ლავის მილის მღვიმეები.
დროთა განმავლობაში ამ სახურავის ზოგიერთი ადგილი ინგრევა და წარმოიქმნება გუმბათი.
როგორც ანალიზების შედეგად გაირკვა, გახსნილია 35 მეტრი სიგანის მონაკვეთი, თავად ლავის მილი კი 28 მეტრის სიღრმეზეა ჩანგრეული.
ლავის მილის ასეთი მღვიმეები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ისინი გარკვეულწილად დაცულია მარსის სასტიკი რადიაციული გარემოსგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება საკმაოდ ხელსაყრელი ადგილები იყოს მომავალში ჩვენი მიწისქვეშა ბაზების დასაარსებლად.
ამავე დროს, ისინი მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზის გამო. საქმე ის არის, რომ ასეთი მღვიმეები შესაძლოა, ბრწყინვალე ადგილი იყოს მარსზე სიცოცხლის საძებნელად, რადგან ისინი რადიაციისგან შედარებით დაცულია.
გამომდინარე აქედან, მეცნიერების აზრით, ასეთი თხრილები უპირველესი სამიზნე უნდა გახდეს მომავლის ხომალდების, რობოტების და თავად ადამიანი მკვლევრებისთვის.
გარდა ამისა, მარსის ამ კონკრეტული გუმბათის შესახებ რჩება კიდევ ერთი ამოუხსნელი ფაქტი.
აქ, დედამიწაზე, ლავის მილების გუმბათები ძირითადად ისეთია, როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ. რატომ და როგორ მიიღო მარსის ამ კონკრეტულმა გუმბათმა კონუსური კრატერის ფორმა, ჯერ გაურკვეველია.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.