რა აერთიანებთ ერიკსენს, კანკავასა და კიაერს - საფეხბურთო მოედნის გმირები [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი არა მხოლოდ გოლები, არამედ ადამიანობის გამოვლენაცაა. ეს სიმონ კიაერმა აჩვენა, როდესაც თანაგუნდელის, კრისტიან ერიკსენის სიცოცხლე გადაარჩინა. დანიის ნაკრების კაპიტნის ქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში, რომელიც „პარკენის სტადიონზე“ ევრო 2020-ის B ჯგუფში დანიისა და ფინეთის მატჩის დროს მოხდა. ამასთან, კიაერი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც საგანგებო ვითარებაში მოთამაშის სიცოცხლე გადაარჩინა.
გამოცემა „კომპასმა“ კრისტიან ერიკსენის თავს მომხდარის გამო ის ოთხი გმირი გაიხსენა, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე საფეხბურთო მოედანზე გადაარჩინეს.
1. ჯაბა კანკავა
„დნიპროს“ ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ გმირულად იმოქმედა მეტოქის ფეხბურთელის, კიევის „დინამოს“ მცველისა და კაპიტნის, ოლეგ გუსევის სიცოცხლის გადასარჩენად. გუსევმა გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც „დნიპროს“ მეკარე დენის ბოიკომ მუხლი დაარტყა. კრიტიკულ ვითარებაში კანკავა მიხვდა, რომ გუსევს შეიძლებოდა ენა გადაეყლაპა, სასწრაფო დახმარების როლი შეასრულა და ოლეგ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა.
2. სერჟ აურიე
2016 წელს მალის ნაკრების თავდამსხმელი მუსა დუმბია კოტდივუარის ნაკრების მცველთან დუელის შემდეგ კარის წინ დავარდა. მალელმა მცველი სერჟ აურიე დუმბიას დაეხმარა, რომ ენა არ გადაეყლაპა, შემდეგ სამედიცინო პერსონალიც გამოჩნდა და დუმბია გადარჩა.
3. ფრენსის კონე
2017 წელს ჩეხეთის ლიგის „სლოვაცკოს“ თავდამსხმელი ფრენსის კონე „ბოჰემიანსის“ მეკარე მარტინ ბერკოვეცს დაეხმარა, რომელმაც თანაგუნდელთან, დანიელ კრჩთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. კონემ, რომელიც ბერკოვეცის გვერდით იყო, სწრაფი რეაგირება მოახდინა და დარწმუნდა, რომ მეკარემ ენა არ გადაყლაპა. სამედიცინო ჯგუფმა ბერკოვცი მინდორიდან გაიყვანა.
4. „ატლეტიკოს“ და ლა კორუნიას „დეპორტივოს“ ფეხბურთელები
მსგავსი ამბავი ფერნანდო ტორესს ლა ლიგაში 2017 წელს – მადრიდის „ატლეტიკოს“ და „დეპორტივო ლა კორუნიას“ მატჩის დროს შეემთხვა. ტორესმა ალექს ბერგანტინოსთან საჰაერო დუელის შემდეგ გონება დაკარგა და მოედანზე დავარდა. მას „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა, კაპიტანმა, გაბიმ და სიმე ვრსალკომ პირველადი დახმარება გაუწიეს. ტორესის სიცოცხლე სწორედ ფეხბურთელების სწრაფმა რეაქციამ და სამედიცინო გუნდის დახმარებამ გადაარჩინა.