კანკავამ სლოვაკეთში გაიტანა - „სლოვანმა“ კონკურენტი „ჟილინა“ გაანადგურა #1TVSPORT
კანკავამ სლოვაკეთში გაიტანა - „სლოვანმა“ კონკურენტი „ჟილინა“ გაანადგურა #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და სეზონის განახლების შემდეგ ბრატისლავის „სლოვანს“ უშუალო კონკურენტის, „ჟილინას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.

სლოვაკეთის ნაიკილიგის მე-19 ტურის შეხვედრა „სლოვანმა“ გასვლაზე ჩაატარა. ორივე ქართველი მოთამაშე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. განაცხადში ვერ მოხვდა ვაკო გვილია, რომელმაც გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გაიარა.

ბრატისლაველებმა პირველივე ტაიმში კომფორტუილი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში მე-9 წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა გახსნა. 36-ე წუთზე ვლადიმირ ვაის უმცროსმა პენალტი გააფუჭა, მაგრამ დამატებაზე მაინც გაიტანა და ტაიმი „სლოვანმა“ 0:2 მოიგო.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა. 90+6-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ მეტოქის, ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდამსხმელმა გერსონ როდრიგესმა დააფიქსირა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ნაიკილიგაში გამართული 19 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ლიდერია და პრინციპულ მეტოქე „ჟილინასთან“ სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა.